კვირეულის ფარგლებში გაიმართება თსუ-სა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი გამოფენა „საქართველოსა და ქართული ენის დამცველი“. გამოფენაზე წარმოდგენილი იაკობ გოგებაშვილის წერილები და მიმოწერა ეხება ქართული ენის სწავლების პრობლემებსა და “დედაენის” გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას, განსაკუთრებით, აჭარასა და სამეგრელოში; ენობრივი, რელიგიური და ეთნიკური საკითხები აფხაზეთში, ახალციხის რეგიონში, ოსმალოს საქართველოში (დღევანდელი აჭარა და თურქეთის ნაწილი), მიმოწერა აკაკი წერეთელთან, ნოე ჟორდანიასთან, გრიგოლ ვოლსკისთან, ისიდორე რამიშვილთან, მიხეილ თამარაშვილთან და სხვა. ასევე, დახმარების თხოვნისა თუ სამადლობელი წერილები საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოსაგან, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისაგან და სხვ.
15.00 საათზე, დაჯილდოვდებიან სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები, სტუდენტები და მასწავლებელი.
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიის ორგანიზებით უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში 13.00 საათიდან მთელი დღის მანძილზე გაიმართება შემეცნებითი ინსტალაციები, გასართობი ღონისძიებები, მოეწყობა საბავშვო კუთხე, 17:00 საათზე კი გაიმართება ნიაზ დიასამიძის და ჯგუფის „33ა“ კონცერტი. 20:00 საათზე თბილისის საკრებულოს შენობასთან 3D ინსტალაციის "ქართული ხელნაწერები" ჩვენება იგეგმება.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თსუ-ში გაიმართება კონფერენციები, გამოფენები, სტუდენტური ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება, სტუდენტური ექსპედიციების მასალათა პრეზენტაცია, გამოცემათა პრეზენტაცია. კვირეული დაიხურება 22 აპრილს თსუ ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული გამოფენით „ბურჯი ეროვნებისა“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებული წიგნები, უცხოელ ქართველოლოგთა ნაშრომები, უნიკალური ხელნაწერი - გელათის გულანი (გვიანი შუა საუკუნეები). მნახველთა განსაკუთრებულ ინტერესსს გამოიწვევს 1978 წელს მისაღები, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ვარიანტები. მათ შორის ის პროექტი, რომელმაც ქართული საზოგადოების საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი
მასალის გამოყენების პირობები






