დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის ლევან ჩხეიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ დავით ბაგრატიონ მუხრანელს სამსახური არასდროს ჰქონია, ქონება მემკვიდრეობით მიიღო და ის გაყოფას არ ექვემდებარება.
„ბაგრატიონ-გრუზინსკებს შეუძლიათ, ქონების ნაწილში დავა გააგრძელონ, თუმცა, დავითი არაფრის დათმობას აპირებს. სასამართლომ უარი უნდა უთხრას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება გაყოფას არ ექვემდებარება. ჩემს რწმუნებულს, პრაქტიკულად, არსად უშრომია და უმუშავია, არც ბიზნესი ჰქონია და არც წილები. მისი მთელი შემოსავალი არის მემკვიდრეობით მიღებული ქონება, რაც წინაპრებისგან დარჩა“, - განაცხადა ლევან ჩხაიძემ.
როგორც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატო აცხადებს, სადავოა სამი ავტომობილი, რომლებიც თანაცხოვრების დროს იყო შეძენილი - „მერსედეს კიელი“, „პორშე კაიანია" და „ბეემვე იქს 5″. ადვოკატის ინფორმაციით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ქონების დათმობას არ აპირებს.
ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატის ლევან გორელაშვილის განცხადებით, ტყუილია, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ქონება მემკვიდრეობით მიიღო. ამის შესახებ მან "მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება თანასაკუთრებაა. თანასაკუთრება შეიძლება აღრიცხული იყოს ერთი მეუღლის საკუთრებად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე მეუღლეს არ აქვს თანასაკუთრების უფლება იმ ქონებაზე, რომელიც ქორწინების პერიოდშია შეძენილი.
მემკვიდრეობასთან დაკავშირებით საზოგადოებამ ერთი მარტივი რაღაც უნდა იცოდეს. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი წლების განმავლობაში საპატრიარქოს მიერ ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. თუ ასეთი მდიდარი მამკვიდრებელი ჰყავდა, რომ გარდაცვალების მერე მილიონები დაუტოვა, სიცოცხლეში მიეცა იმ ადამიანისთვის ერთი-ორი „კაპიკი“, საპატრიარქოს ხარჯზე რომ არ ყოფილიყო. ღერებით ყიდულობდა ეს ადამიანი სიგარეტს. შვილი რომ შეეძინა, მშობიარობის ხარჯები საპატრიარქოს დააფინანსებინა. თუ ასეთი მდიდარი მამკვიდრებელი ჰყავდა ამ დალოცვილს, სიცოცხლეშივე როგორ ვერ უზრუნველყო, რომ საპატრიარქოსთვის ქირის ფული არ გამოერთმია. ეს არის ტყუილი. მას მემკვიდრეობით არაფერი მიუღია. მან ფული ქორწინების შემდგომ, ტიტულების გაყიდვის გზით იშოვა.
ეს არის სწორედ ის ბიზნესი, რომელსაც ამ დავის ფარგლებში საფრთხე დაემუქრა. მოწინააღმდეგე მხარე სწორედ ამიტომაა გააფთრებული, რომ დავა არ შედგეს და მომავალში კვლავაც შეძლოს ხალხის მოტყუება და საკუთარი თავის წარმოჩენა, თითქოს ის ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის შთამომავალია.“ - განაცხადა ლევან გორელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






