სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განათლების შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებთან თავსებადობის საკითხი რვა სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე გამოიკვლია. აღმოჩნდა, რომ პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრისას, შესაბამისი ბაზრის კვლევები არ ჩატარებულა. შედეგად, არ არის გამოკვლეული შერჩეული საგანმანათლებლო მიმართლებების თავსებადობა ქვეყნის საჭიროებებთან.
აუდიტის ანგარიშში დასახელებულია შემთხვევები, როდესაც ისეთი დარგები, რომლებიც ქვეყნისთვის აქტუალური გამოწვევაა, სტუდენტების დაბალი რაოდენობრივი მაჩვენებლებით ხასიათდება.
აუდიტის ანგარიშში მოყვანილია ისეთი შემთხვევა, როდესაც ოფიციალური დოკუმენტით პრიორიტეტად აღიარებულ მიმართულებაზე სტუდენტების მიღება საერთოდ არ გამოცხადებულა. მაგალითისთვის, ასეთი იყო ვეტერინარიის პროგრამა, რომელზედაც ოთხი წლის განმავლობაში აუდიტის მოკვლევის ობიექტ უნივერსიტეტებს მიღება არ გამოუცხადებია. პრიორიტეტულ პროფესიებში საერთოდ არ იყო გათვალისწინებული შრომის ბაზარზე მოთხოვნადი ინკლუზიური განათლების სპეციალისტი. ხუთი წლის განმავლობაში ამ პროგრამაზე მხოლოდ 51 სტუდენტი ჩაირიცხა. ასევე მოთხოვნად პროფესიაზე, გარემოს დიზაინერის სპეციალობაზე კი მხოლოდ 15 სტუდენტი სწავლობდა.
საერთო ჯამში, პრიორიტეტულად აღიარებული პროფესიები ხუთი წლის განმავლობაში, აბიტურიენტების მცირე ნაწილმა, მხოლოდ 16% აირჩია. ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას კი აბიტურიენტებმა ასეთი პროფესიები საშუალოდ მე-11 რიგის პრიორიტეტად აირჩიეს, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ შერჩეული მიმართულებები ვერ გახდა პოპულარული.
მასალის გამოყენების პირობები