ბიძინა ივანიშვილმა მესამე სექტორი გუშინ "იმედის" ეთერიდან გააკრიტიკა და ისინი "ნაციონალური მოძრაობასთან" კავშირში დაადანაშაულა.
სალაძე ფიქრობს, რომ ივანიშვილმა იუსტიციის საბჭოს მწვანე შუქი აუნთო, რომ მათ მიერ მოწონებული მოსამართლეები უვადოდ გაამწესონ.
"სამოქალაქო სექტორი არამხოლოდ დღეს საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც სასამართლო სისტემაში არსებობს. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ წინა ხელისუფლების პირობებში. ბატონი ჩინჩალაძის, ბატონი მურუსიძის და გავლენიანი ჯგუფის იმ კონტექტსში მოხსენება, რომ მათ არაფერი დაუშავებიათ და სისტემის მსხვერპლნი იყვნენ, ეს არის მწვანე შუქის ანთება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რომ მათ შეუძლიათ დაასახელონ ნებისმიერი პირი მოსამართლეთა კანდიდატად, ვისაც ჩათვლიან საჭიროდ"- განაცხადა სალაძემ.
საიას თავმჯდომარის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების შეცდომების სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს.
„არცერთი არგუმენტი მე ამ ინტერვიუში არ მომისმენია, იგივე სასამართლოსთან დაკავშირებით თუ რატომ უნდა ჩავთვალოთ სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკის ნაწილად.
მარტივი და იოლია იმ რეალობის აღქმა, რომელიც სასამართლოში არსებობს. სამწუხაროა, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ამაზე არ საუბრობს ღიად და ცდილობს სხვებს დააბრალოს ყველაფერი, რაც ხდება დღეს ქვეყანაში,"-ამბობს სულხან სალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






