საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, იქმნება არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტები, თუმცა შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე (ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორია) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დასაშვები ხდება ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. შესაბამისად, შემოთავაზებული ცვლილები საქართველოს მთავრობას საშუალებას აძლევს, დაცულ ლანდშაფტებში დაუშვას ისეთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა როგორიცაა ჰიდროელექტროსადგურები, ელექტროგადამცემი ხაზები და ა.შ.
საკითხზე მსჯელობა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში მოხდება. მმართველ გუნდში ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობაა, ცვლილების კატეგორიული წინააღმდეგია ოპოზიცია და მოუწოდებენ კოლეგებს კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.
„დაცულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ენერგოპროექტის განხორციელება არის მიუღებელი, იმიტომ, რომ დაცული ტერიტორიების შენარჩუნება ემსახურება ზოგადად ჩვენი ეკოსისტემის შენარჩუნებას და გარემოს მდგომარეობის, რომელიც ისედაც ძალიან მწვავე გამოწვევების წინაშე დგას, რაიმენაირად არ გაუარესებას. ხოლო აღნიშნული კანონით კიდევ უფრო გაუარესდება ის პრობლემები, რის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. ასე, რომ რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ.“- განაცხადა ენმ-ს წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.
კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან "ევროპულ საქართველოშიც" და აცხადებენ, რომ როდესაც ტერიტორიას დაცული ჰვია, იმას ნიშნავს, რომ ადგილზე ლანდშაფტი უდნა დავიცვათ და იქ მშენებლობა დაუშვებელია.
„არის აბსურდული იდეები, რომელიც შეიძლება მოუვიდეს თავში მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ყველას ესმის, რომ დაცულიო ტერიტორია იქ, სადაც ლანდშაფტია არის დასაცავი და გარემო არის დასაცავი და არსებობს კანონი, იქ ააშენო მასშტაბური ჰესები ეს არის პარადოქსი, ეს არის შეუთავსებელი და სრულიად მიუღებელი რაღაცა და მე იმედი მაქვს, რომ უმრავლესობაშიც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ამაზე უარს იტყვიან,“- აღნიშნა სერგო რატიანმა.
აღნიშნულ ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება არასამთავრობო სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას დაცულ ტერიტორიაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა. მათი თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება ასეთი ტიპის ტერიტორიაზე, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის დაცული ტერიტორიების კონცეფციასთან და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) პრინციპებთან. უფრო მეტიც, წინააღმდეგობაში მოდის წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტში შეტანილ სხვა პროექტებთან. ამასთან დაკავშირებით NGO-ებმა საგანგებო განცხადებაც გაავრცელეს:
„დაცული ლანდშაფტი წარმოადგენს დაცული ტერიტორიის ერთ-ერთ კატეგორიას, რომელიც იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, რეკრეაციულ-ტურისტული და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისათვის.
შესაბამისად, დაცულ ტერიტორიაზე ნებისმიერი სამუშაო სწორედ ამ მახასიათებლების შენარჩუნებასა და აღდგენაზე უნდა იქნას ორიენტირებული, ხოლო სხვა ნებისმიერი სამუშაო, რომელმაც შესაძლოა დაარღვიოს დაცული ტერიტორიის მთლიანობა, მისი ლანდშაფტი, არათავსებადია დაცული ტერიტორიის კონცეფციასთან და შესაბამისად დაუშვებელი უნდა იყოს მისი ამ ტერიტორიაზე განხორციელება. დაცულ ლანდშაფტში ჰესების და ენერგეტიკასთან დაკავშირებული სხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურის მშენებლობა კი, ვერანაირად ვერ იქნება განხილული როგორც ადგილობრივი ეკოლოგიური სივრცის შენარჩუნებისა და დაცვის ინტერესის მქონე და პირიქით, ზუსტად მსგავსი უხეში ჩარევისგან დაცვის მიზნით იქმნება დაცული ტერიტორიები.
შემოთავაზებულ ცვლილებას ორმაგად შემაშფოთებელს ხდის ის გარემოება, რომ კანონპროექტის ავტორს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოადგენს, რომელიც თვითონ უნდა იყოს მოწოდებული დაცული ტერიტორიების მსგავსი უხეში ჩარევისგან დაცვისკენ.
ასევე პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ აღნიშნულ პაკეტში წარმოდგენილი კანონპროექტების შემუშავების პროცესში სათანადოდ არ მომხდარა ადგილობრივი მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებულ პირების ჩართვა და შესაბამისი კონსულტაციების გამართვა, მიუხედავად იმისა, რომ მომავალში სწორედ ადგილობრივი თემის მიერ უნდა განხორციელდეს დაცული ლანდშაფტის მართვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:
საქართველოს პარლამენტს:
- არ დაუშვას დაცული ტერიტორიების სისტემის კანონმდებლობის გაუარესება, უარი თქვას მითითებული საკანონმდებლო პაკეტის წარმოდგენილი სახით მიღებაზე და არ გახადოს დასაშვები დაცულ ტერიტორიებზე, ამ სივრცისთვის შეუსაბამო დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა.
- უზრუნველყოს არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნის საკითხზე შესაბამისი სამუშაო ფორმატის შექმნა, სადაც ჩართული იქნებიან ადგილობრივები და სხვა დაინტერესებული პირები და მხოლოდ მათთან კონსულტაციების შემდგომ იმსჯელოს წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.“- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და მწვანე ალტერნატივა.
მასალის გამოყენების პირობები






