საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში ყოფილა მომენტები, როდესაც ერი იყო გაერთიანებული, სწორედ ასეთი მომენტი იყო 9 აპრილი.
„მეც მაქვს პირადი ემოციები ამ დღესთან დაკავშირებით, რადგან მაშინ 21 წლის სტუდენტი სწორედ აქ გახლდით ჩემს მეგობრებთან ერთად და განსაკუთრებული ემოცია მაკავშირებს ამ დღესთან. მაშინ დაიწყო ზუსტად ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ბრძოლა თავისუფლებისთვის და ვფიქრობ, ეს ბრძოლა თავისუფლებისთვის კიდევ დასრულებული არ არის, რადგან საქართველოს აქვს კიდევ დაუსრულებელი ამოცანა, იყოს ევროატლანტიკური სტრუქტურის სრულფასოვანი წევრი. სწორედ აქეთ არის მიმართული ჩვენი მცდელობა და ყველა ქმედება.
ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ვფიქრობ, როგორც არასდროს ისე დღეს, ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავების თვალსაზრისით გვჭირდება ერთიანობა, კონსოლიდაცია და სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმ თავისუფლების მოპოვებისთვის, რომელიც ასე უნდოდათ იმ ადამიანებს, რომლებმაც აქ თავი გაწირეს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






