ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორების მხარდამხარ მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში კონტრიბუციას, რითაც ქართველი სამხედროები საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებასაც იცავენ. თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა ამერიკულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველო-აშშ-ის და საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მზარდი დინამიკა ხაზგასმით აღნიშნეს.
ქართველი მშვიდობისმყოფელები ეროვნული გვარდიის კაპელანმა, მამა მიქაელმა დალოცა, რომელიც ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში კონტინგენტთან ერთად მიემგზავრება. ღონისძიების დასასრულს საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს პირადად გაესაუბრა.
მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით (GDRP) მომზადდა. ბატალიონი ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა დავითაძის მეთაურობით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 7 თვის განმავლობაში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეასრულებს. ქვედანაყოფი როტაციის წესით, მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება. მე-3 ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული კი, მაიორ ხვიჩა ნიგურიანის მეთაურობით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა დაცვის ამოცანებს შეასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები






