ლიბიაში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის დავით რაზმაძის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ხომალდ "დოგან ბეიზე" რაზმაძესთან ერთად მყოფ პირებს ლიბიელი სამართალდამცავები ქვეყნის დატოვების უფლებს არ აძლევენ, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეები რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძეც, ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.
„სამი თვე გავიდა უკვე რაც გამოძიებაა და მე მგონი, ჩვენი უფლებები ირღვევა. პასპორტები მათ აქვთ წაღებული, არ გვიბრუნებენ და საქართველოდან არავინ არ გვკითხულობს. არც საგარეო საქმეთა სამინისტრო, არც საელჩო, ასე ვართ მიტოვებული და არავინ არ გვეხმიანება. მოვითხოვთ, რომ ჩვენი პასპორტები დააბრუნონ, გამოძიება დაასრულონ, იმიტომ, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია გასული და დაგვაბრუნონ საქართველოში. ძალიან ცუდი სიტუაციაა, ლიბიაში ვიმყოფებით და აქ შეიძლება ნებისმიერ დროს ომი დაიწყოს,“-აცხადებს ქართველი მეზღვაური რაულ ტაკიძე.
საქართველოს საგარეო სამინისტროს განცხადებით, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ. დიპლომატიური უწყების ცნობით, ქალაქში სადაც ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან სიმშვიდეა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






