საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. მინისტრის თქმით, საფრთხეებზე საქართველოს პასუხი არის გაძლიერება, რადგან მშვიდობის უზრუნველყოფისთვის ყველაზე კარგი საშუალება არის ომისთვის მომზადება:
“ საფრთხეებზე ჩვენი პასუხი არის ჩვენი გაძლიერება - როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ, ყველაზე კარგი საშუალება მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, არის ომისთვის მომზადება. ჩვენი პოლიტიკაა, რომ ჩვენი სიძლიერით, საბრძოლო მზადყოფნის მაღალი ხარისხით ვუზრუნველვყოთ ამ ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების მაქსიმალური შეკავება. როდესაც შეკავებაზე ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს ის, რომ პოტენციურმა აგრესორმა - რუსეთმა, როგორც ოკუპანტმა ქვეყანამ, თავი შეიკავოს აგრესიული ქმედებებისგან. თავშეკავების ყველაზე ძლიერი ბერკეტია ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება. ეს არის ნატო-ს პოლიტიკა, თავისი შესაძლებლობების გაზრდის ნაწილში. გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პროგრესი არის, მათ შორის საფინანსო პასუხისმგებლობის გაზიარების კუთხით ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის. 2020 წელს საერთო კონტრიბუცია 100 მილიარდამდე გაიზრდება. არის ამბიცია, რომ 2024 წელს ყველას ჰქონდეს ეს სტანდარტი დაკმაყოფილებული. სწორედ ეს ყველაფერი არის მიმართული საერთო ძალისხმევისკენ, ერთიანი საფრთხის შესაჩერებლად, რათა პოტენციური აგრესია იყოს თავიდან აცილებული“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
მასალის გამოყენების პირობები






