აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობისა და აგრონომიული ფაკულტეტის სტუდენტებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელ ბადიაურში რთველში მიიღეს მონაწილეობა.
სტუდენტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ უმასპინძლა.
,,სწორედ ეს ახალგაზრდები არიან ის ადამიანები, რომლებიც მომავალში სოფლის მეურნეობის სექტორში უნდა დასაქმდნენ და დარგის განვითარებაზე იზრუნონ. აქედან გამომდინარე, თეორიული ცოდნის გარდა, პრაქტიკულ მუშაობასაც უნდა მიეჩვიონ. დღეს, სტუდენტები ყურძნის კრეფის გარდა, ადგილზე გაეცნობიან და შეისწავლიან ნიადაგისა და ვაზის მდგომარეობას,“ - განაცხადა შალვა ფიფიამ.
რთველში მონაწილეობის შემდეგ, სტუდენტები კომპანია ,,ბადაგონის“ საწარმოში იმყოფებოდნენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა ახალგაზრდებს ყურძნის ჩაბარების, გადამუშავების და ღვინის ჩამოსხმის პროცესი ადგილზე გააცნო. მან სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების მიმართულებით დახმარებაც აღუთქვა.
„რთველი 2013“ დაიწყო აგვისტოს ბოლოს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან (სოფლები - სამთაწყარო, ფიროსმანი, საბათლო), ხოლო 10 სექტემბრიდან რთველში ჩაერთო ჯერ სიღნაღის, შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები. რთველი ოქტომბრის ბოლოს რაჭაში (სოფელი ხვანჭკარა) დასრულდება. თანაბარ პირობებში ჩადგებიან მსხვილი და მცირე ფერმერები.
მასალის გამოყენების პირობები






