პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, სამინისტროსადმი მფრინავ ეკატერინე ქვლივიძის ბრალდებას გამოეხმაურა.
მინისტრის განცხადებით, ეკატერინე ქვლივიძემ თავდაცვის სამინისტრო ერთი წლის წინ დატოვა, თუმცა ამ დროის განმავლობაში, უწყებისათვის რაიმე სახის დისკრიმინაციასთან დაკავშირებით არ მიუმართავს.
"2017 წელს ეს ქალბატონი თავდაცვის ძალების გათვალისწინებით მივლინებულ იქნა კაპიტნის საკარიერო კურსებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში. დისკრიმინაცია რომ იყოს ქალბატონის, ქალბატონს ხომ არ გაუშვებდნენ ამ ძალიან საპასუხისმგებლო კურსებზე?"- აღნიშნა იზორიამ და იქვე დასძინა რომ მზად არის მფრინავს შეხვდეს.
"ნატოს სტანდარტია და სწორედ ამ სტანდარტის დასამკვიდრებლად ვზრუნავთ ჩვენ, რომ სამხედრო სამსახური იყოს, მათ შორის, ვალდებულებებთან დაკავშირებული. მათ შორის, გარკვეული წესების დარღვევის შემთხვევაში, გარკვეული სანქციების დაკისრებასთან დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, როგორც პასუხისმგებლიანმა უწყების ხელმძღვანელმა და თავდაცვის ძალებმა, ვიმოქმედეთ სწორედ ამ სტანდარტით...
მზად ვარ პირადად შევხვდე ეკატერინე ქვლივიძეს, მოუსმინოს მას და თავადაც მივაწოდო ფაქტები, რომლებიც ხელთგვაქვს"- ამბობს მინისტრი.
ყოფილი მფრინავი, ეკატერინე ქვლივიძე აცხადებს, რომ გენდერული დისკრიმინაციის გამო იძულებული გახდა, თავდაცვის სამინისტროდან წამოსულიყო. მისი თქმით, ხელმძღვანელმა უთხრა, რომ უწყების ინტერესებში არ შედიოდა ქალი მფრინავზე დაეხარჯა არსებული მცირე რესურსები.
მასალის გამოყენების პირობები






