გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია 11 გავლენიანი ევროპარლამენტარის წერილის იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც ევროპელი დეპუტატები საქართველოს პრემიერ მინისტრს, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
მელია მომხდარში შს მინისტრის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს, რადგან დეპუტატის შეფასებით, ძალოვანი სისტემის ხელმძღვანელს ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში სამეგრელოზე კონტროლი აღებული.
“მტკიცედ მჯერა, რომ ვერც ერთი რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ვერც ერთი გენინსპექციის თანამშრომელი დამოუკიდებლად, განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე ვერ გააკეთებდა იმას, რაც გააკეთა, რომ არ ყოფილიყო აქ თავიდან ბოლომდე ჩართული ბატონი გახარია - ადამიანი, რომელიც კურირებდა არჩევნებს შარშან სამეგრელოში. ეს არის ჩემთვის უდაო საკითხი. ამიტომ, ახლა ევროპარლამენტარების ეს წერილი შეიძლება განვიხილოთ შემდეგნაირად: პრაქტიკულად, გახარიას ეუბნებიან, რომ შენი ნებით, ხელბორკილები დაიდე საკუთარ ხელებზე და ამას ახლა გახარია თავისით არ გააკეთებს, მაგრამ აუცილებლად გააკეთებს შემდეგი ხელისუფლება, მე ამაში დარწმუნებული ვარ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






