„გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“-ს წევრი, გიგა შუშანია საპენსიო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ საპენსიო სისტემიდან გასულ მოქალაქეს მხოლოდ მისი თანხა უბრუნდება და სახელმწიფოს და დამსაქმებლის გადარიცხული თანხა, სავარაუდოდ, საპენსიო სააგენტოში რჩება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" ბიუჯეტის შევსების მიზნით საკუთარ მოქალაქეებს ატყუებს.
"საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტის შესავსებად ე.წ. საპენსიო რეფორმის ფარგლებში, მოიფიქრა სქემა, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით 200 ათასი მოქალაქის მოტყუების გზით დამატებით აპირებს მათგან მილიონობით ლარის მობილიზებას.
საქართველოს მთავრობამ შეპირების მიუხედავად, სავალდებულო საპენსიო სქემაში მაინც ჩართო 40 წელს გადაცილებული დასაქმებულები, იმ პირობით, რომ 3 თვის გასვლის შემდეგ, მათ ექნებოდათ საპენსიო სქემის დატოვების საშუალება და გადარიცხული თანხა სრულად დაუბრუნდებოდა უკან.
ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია და საპენსიო სააგენტოდან მიღებული პასუხით ირკვევა, რომ თუ პიროვნება დატოვებს საპენსიო სქემას, თანხის დაბრუნებისას მის მიერ დაგროვებული თანხიდან იღებს მხოლოდ მის 2%-ს და ისიც დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით და დააკლდება 20%. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საპენსიო სქემაში მონაწილეობს 40 წელს გადაცილებული 200 ათასამდე დასაქმებული, ამ მანიპულაციით ბიუჯეტში დასაქმებულებისა და კომპანიების გადახდილი თანხებიდან რამოდენიმე მილიონი ლარი მოხვდება.
საკუთარი მოქალაქეების მოტყუების მცდელობა გვაფიქრებინებს, რომ "ქართული ოცნებისა" და ივანიშვილის მიზანი არა საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი კეთილდღეობაა, არამედ ამ ე.წ. რეფორმის მიზანი მოქალაქეებიდან და კომპანიებიდან დამატებითი თანხების მობილიზებაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა და "ქართული ოცნების" ჩინოვნიკები საკუთარი კეთილდღობისთვის გამოიყენებენ",- განაცხადა გიგა შუშანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






