დღეიდან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.
ცვლილების თანახმად გათვალისწინებულია ჯარიმა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, სამი წლის ვადით სხვადასხვა უფლების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.
საპატრულო პოლიციას, ეჭვის გაჩენისთანავე, უფლება აქვს ავტომობილი გააჩეროს და მძღოლის სიფხიზლე სპეციალური ტესტით ადგილზევე შეამოწმოს.
”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ არც ის და არც ერთი მისი თანაგუნდელი არ აპირებს, პოლიციელის შესაბამის მოთხოვნას დაემორჩილოს.
„უნდა გაგაკავონ ძალით, ძალით გაგაღებინონ პირი და აიღონ პირიდან ნერწყვი, მე მაგალითად არ ვაპირებ,რომ ჩავაბარო ჩემი ნებით და არცერთი "გირჩელი "არ აპირებს.
უბრალოდ, შს სამინისტროს ხელში იქნება მორიგი ბერკეტი,რომ ვინც უნდათ ჩასვან ციხეში და ვინც არ უნდათ იმას თავი დაანებონ. თორემ ის, რომ ისინი 10 ათასობით ადამიანს ციხეში ვერ ჩასვამენ ეს ყველასთვის გასაგებია,“-ამბობს ჯაფარიძე.
”თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი დავით სუბელიანი ამბობს, რომ ახალი კანონი დისკრიმინაციულია და ის წამების ელემენტებს შეიცავს.
"4 საათის წინ მოვიხმარე მარიხუანა. ამ ტესტის მიხედვით, რომ გამაჩერონ უნდა ჩავვარდე. მანქანით მოვედი აქ და ვარ სრულიად ფხიზელი. თუ უარს განვაცხადებთ ნერწყვის ჩაბარებაზე, მაშინ ჩვენს სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოვცხადდებით და იძულებით აიღებენ ნერწყვს, ეს ჩემი აზრით, წამების ნიშნებს შეიცავს,"-ამბობს სუბელიანი.
მასალის გამოყენების პირობები






