ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში "ხიმინჯ სერვის 2"-ის ხელმძღვანელებს კითხავენ. ეს კომპანია ასრულებდა სამუშაოებს ჭავჭვაძეზე მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე და ორივე გარდაცვლილი სწორედ "ხიმინჯ სერვის 2"-ის თანამშრომელი იყო.
შპს „ხიმინჯ სერვის 2-ის“ დირექტორი, ოთარ ცნობილაძე ამბობს, რომ უსაფრთხოების ნორმები მშენებლობაზე დაცული იყო.
„პირველი შემთხვევა იყო ეს, უსაფრთხოება დაცული იყო, ყველაფერი და იყო უბედური შემთხვევა. წუხელაც ვიყავი, ახლაც მივდივარ დაკითხვაზე,“ - ამბობს ცნობილაძე.
როგორც ირკვევა, "ხიმინჯ სერვის 2“ ინსპექტირების წარმომადგენლებმა დღეს დააჯარიმეს იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა გავლილი რეგისტრაცია საფრთხის შემცველ სამუშაოებთან დაკავშირებით. ჯარიმა ათას ლარს შეადგენს.
მომხდარ ტრაგედიას უბედურ შემთხვევას უწოდებს ადვოკატი გიორგი ყიფშიძეც.
„წინასწარი ვერსიით, ეს იყო უბედური შემთხვევა, რა თქმა უნდა, ცალსახად. არსებულმა გამაგრებამ ვერ გაუძლო დაწოლილ მასას მიწისას და მოხდა ასეთი რამ, სამწუხაროდ, უკვე დასრულებულ იმ დღის სამუშაოებზე. ხელშეკრულების მიხედვით, მომუშავე პერსონალზე მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა ევალებოდა "ხიმინჯ სერვის 2"-ს, ამის უარყოფა იქნება ალბათ არასწორი. სავალდებულოა, საქართველოში იმ სამუშაოების ჩამტარებელი კომპანიის მიერ რეგისტრაცია, რომელიც შეიცავს ადამიანისთვის სიცოცხლის საფრთხეს და ეს რეგისტრაცია კომპანიას სამწუხაროდ გავლილი არ ჰქონდა. ამ ტიპის უბედური შემთხვევების დროს თუ რაიმე ტიპის დაუდევრობაა, ეს უნდა თქვას ექსპერტიზამ. მხოლოდ ამის შემდეგ, სავარაუდოდ, უკვე პროკურატურა მიიღებს გადაწყვეტილებას მისცეს ვინმე პასუხისგებაში თუ არ მისცეს, მაგრამ არა მგონია, მთლად ასე ჩაიაროს ამ საქმემ, რომ ვინმე არ იქნეს მიცემული პასუხისგებაში. ეს ცალსახა თავის მოტყუება იქნება, რომ სხვანაირად ვიმსჯელოთ,“ - განაცხადა ადვოკატმა.
ჭავჭავაძის გამზირზე მშენებლობის დროს მიწის ჩამოშლას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები






