საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში - ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ 2018 წლი 11 ივნისს რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ და ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ იყო დაკავებული.
„საქართველოს კანონმდებლობით, დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის წევრის დაკავება. მიუხედავად აღნიშნულისა, საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა პოლიციის თანამშრომელთა მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტს.
საქმის შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკა მელია პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დააკავეს. საქმის მასალებში არსებული პოლიციელის პატაკის თანახმად, პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დაახლოებით 15:00 საათზე დაკავებული პირი საპატრულო პოლიციის ავტომანქანით გადაიყვანეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, სადაც, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გადამოწმდა საქართველოს პარლამენტის წევრების სია, დადასტურდა მისი, როგორც მოქმედი დეპუტატის სტატუსი და იგი გათავისუფლდა დაკავებიდან. პოლიციელის მიერ შეტყობინება ხელმძღვანელისადმი ნიკა მელიას დაკავების შესახებ, შედგენილია 18:04 საათზე. აღსანიშნავია, რომ პოლიციის თანამშრომლებს დაკავებულის მოქმედი დეპუტატის სტატუსის დასადგენად არაგონივრული დრო, რამდენიმე საათი დასჭირდათ, როდესაც, პარლამენტის ვებგვერდზე გადამოწმება ადგილზეც შესაძლებელი იყო და დაკავებულის განყოფილებაში რამდენიმე საათით გადაყვანას არ მოითხოვდა. მიგვაჩნია, რომ ნიკა მელია კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ დააკავეს,” - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






