პარტია „კანონი და სამართალი“ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ პოლიტიზირებულობასა და „ოცნების“ მიმართ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს. როგორც პარტიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ამ კურს განსაკუთრებით ამყარებს მაუწყებლის მენეჯმენტის პოლიტიკა, სადაც წამყვან პოზიციებს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები იკავებენ.
ამასთან, „კანონსა და სამართალში“ მიიჩნევენ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლო საქმიანობას ეწევა და ქვეყნის დასავლური კურსის იგნორირებას ახდენს. ასევე, პარტია „მაუწყებელს“ ფინანსების არასწორ ხარჯვაშიც ადანაშაულებს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს.
„58 მილიონი აქვს „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, ორი მილიონი კი გამოყოფილია ონკოდაავადებული ბავშვებისთვის. ეს ხელისუფლებასთან აბსოლუტურად მაფიური გარიგებაა და „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ რუსული სამხედრო პირების პროპაგანდა ხდება. ეს არის ის რუსული კორუფციული სტილი, რომელზეც ამდენი ხანია, ვსაუბრობთ“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა.
პარტიის გენერალური მდივნის, ირაკლი ღლონტის თქმით, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მაუწყებლის შესახებ კანონს უხეშად არღვევს და იმის ნაცვლად, რომ პოპულარიზაცია გაუწიოს ნატოსა და ევროკავშირს, პერიოდულად ეწევა ოკპანტი ქვეყნის ინტერესებზე მორგებულ საქმიანობას.
მასალის გამოყენების პირობები






