პარლამენტში მისულ სოციალურ მუშაკებს დეპუტატებთან კონკრეტული შეკითხვები აქვთ. ისინი მთავარ მოთხოვნებზე საუბრობენ მათ შორისაა ხელფასის ზრდა, ტრანსპორტის გამოყოფა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდა.
სოციალური მუშაკების თქმით, მათ სამინისტროს პასუხი, რომ გარკვეული ცვლილებების განხორციელება არ შეუძლიათ, გაფიცვის მეხუთე დღეს აღარ აკმაყოფილებთ.
„მეტი რა უნდა თქვას სოც.მუშაკმა. სოციალური მუშაკები იძახიან, რომ ჩვენ გვეშინია, რომ კიდევ არ განმეორდეს ტრაგიკული შემთხვევები. ეს არის წითელი შუქურა ნებისმიერი ადამიანისთვის და არა მარტო ჯანდაცვის სამინისტროსთვის,“ - განაცხადა სოც. მუშაკმა, მარიამ ბანძავამ.
სოციალური მუშაკებს კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ უპასუხა.
„ჩემზე დიდი გულშემატკივარი საქართველოს პარლამენტში, გავკადნიერდები პარლამენტარებთან და ვიტყვი, რომ მე ვიყავი პირველი, ვინც დაიწყო თქვენზე ზრუნვა, კანონიც შევქმენი, რომელიც სერიოზულ გარანტიებს გაძლევთ. ჩემი მისამართით ასეთი რაღაცის თქმა საყვედურის სახით, მგონი, არ არის სამართლიანი,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ სოციალურ მუშაკებს განუცხადა, რომ მათ საყვედურს ის პირადად ვერ მიიღებს.
„ვერ მივიღებ თქვენს საყვედურს, ორი წელია, პარლამენტის წევრი ვარ და ამ ორივე წლიდან სოციალური მუშაკების თემატიკაზე ვმუშაობ. კარგი კანონის შექმნას დრო სჭირდება,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






