ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგია - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოც მოხვდა.
ანგარიშში საუბარია აღნიშნული კუთხით მსოფლიოს 70 ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე.
ანგარიშის პირველ თავში ნათქვამია, რომ საქართველოს კავკასიაში კონტრაბანდის ტრადიციულ მარშრუტზე მდებარეობს რაც ქვეყანას ოპიუმის, ჰეროინის და ჰეროინის წარმოებისთვის საჭირო მთავარი ქიმიკატის – ძმარმჟავას ანჰიდრიდის ტრანსპორტირებაში ჩართული ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების წინაშე მოწყვლადს ხდის.
„2018 წლის აპრილში საქართველოს ფოთის შავი ზღვის პორტში 15 მეტრული ტონა ძმარჟავას ანჰიდრიდი ამოიღეს, რაც ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი პარტიაა. ქიმიური ნივთიერებები წარმოებული იყო ჩინეთში და განკუთვნილი იყო ავღანეთში ჰეროინის წარმოებისთვის. ავღანეთში ოპიუმის რეკორდული, უდიდესი წარმოების მიუხედავად, საქართველოში 2016 წლიდან ამოღებული ნივთიერებების რაოდენობამ იკლო“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სინთეტრი და კლუბური ნარკოტიკი ქვეყანაში კვლავ ყველაზე პოპულარულად რჩება, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში:
“სინეთეტური და კლუბური ნარკოტიკი კვლავ რჩება ყველაზე პოპულარულად, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. 2018 წლის აპრილში პოლიციამ რეიდები ჩაატარა ორ პოპულარულ ქართულ ღამის კლუბში, რამაც თბილისში არეულობა გამოიწვია. ათასობით ადამიანმა გააპროტესტა რეიდები, როგორც ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების გადამეტება და მოუწოდა ხელისუფლებას, წარმოადგინოს ნაკლებად მკაცრი ნარკოპოლიტიკა. საქართველოს ხელისუფლებამ გამოთქვა შეშფოთება, რომ მოქალაქეთა მსგავსმა რეაქციამ შესაძლოა, მომავალში ანტინარკოტიკულ ოპერაციებს ხელი შეუშალოს რეპრესიების შიშის გამო. 2018 წლის ივლისში საქართველომ კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივირება და წარმოება ლეგალური გახადა და მისი პერსონალური მოხმარების დეკრიმინალიზება მოახდინა. ჯერჯერობით, მონაცემები არასაკმარისია იმის შესაფასებლად, ექნება თუ არა ამას გავლენა სხვა აკრძალული ნარკოტიკის მოხმარებაზე, გაყიდვასა და ტრანზიტზე“, – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






