ერთიანი საზოგადოებრივი მოძრაობის დაწყება პოეტმა დავით მაღრაძემ გუშინ დააანონსა და თქვა, რომ თანამოაზრეებს 13 აპრილს ფილარმონიაში ელოდება.
ვინ იქნებიან დავით მაღრაძის თანაგუნდელები, პოეტი ამაზე ღიად არ საუბრობს, თუმცა "ნიუპოსტის" ინფორმაციით, "დაიცავი საქართველოს" რიგებში უმრავლესობიდან დემარშით წასულ დეპუტატებს ვიხილავთ.
ცნობილია, რომ ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი 13 აპრილის შეხვედრას შეუერთდებიან.
დავით მაღრაძის გუნდში იქნება "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრი ვატო შაქარაშვილი, რომელსაც ჩვენი ინფორმაციით შეხვედრის ორგანიზება ჩააბარეს.
"შეხვედრას ვუერთდები... რომ არ დაგიმალოთ, დავით მაღრაძე ჩემი უფროსი მეგობარია. პოლიტიკური შინაარსის კონკრეტულ კონსულტაციებს ვერ დავარქმევ იმას, რა ურთიერთობაც მაქვს ამ ადამიანთან. ვსაუბრობთ მათ შორის პოლიტიკურ საკითხებზე, გვაქვს წლებია ერთი და იგივე პოზიცია. ვსაუბრობთ ამასთან დაკავშირებით, როგორც თანამოაზრეები და მეგობრები"- უთხრა "ნიუპოსტს" ვატო შაქარაშვილმა.
საკრებულოს უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ მმართველ გუნდთან წყალგამოყოფი მოსამართლეთა სკანდალური სიაა, რომელსაც როგორც ცნობილია, "ოცნებაში" დიდი დაპირისპირება მოჰყვა.
"სადაც არ უნდა ვიყო, ჯალათი მოსამართლეების მიმართ პოზიცია შევიცვალო?! მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ცუდები გაკარგდნენ. მოსამართლე, რომელმაც ერთხელ უკვე შეასრულა პოლიტიკური დავალება, უსამართლოდ ჰყავს ადამიანი ციხეში გაშვებული, "დახვრეტილი" და ამას მოხალისეობრივად აკეთებდა, ის შეუძლებელია შეიცვალოს. სამართლიანობის განცდის საკითხი ქვეყანაში ნამდვილად შეიძლება იყოს წყალგამყოფი პოლიტიკაშიც და ცხოვრებაშიც. ღირებულებითი საკითხია, როგორ უნდა ენდოს ისეთ მოსამართლეს, როგორსაც ახლა ვუყურებთ - მაგალითად მეთოფიშვილს, მურუსიძეს, ჩინჩალაძეს. ხომ შეიძლება, ისეთი ადამიანები ავირჩიოთ მოსამართლეებად, რომლებიც ცუდები არასდროს ყოფილან"- განუცხადა "ნიუპოსტს" შაქარაშვილმა.
შაქარაშვილი არ მალავს, რომ "ოცნებამ" იმედები გაუცრუა.
"დავით მაღრაძის მოსმენას ვაპირებ, მივალ შეხვედრაზე და შემდეგ დრო გვაჩვენებს. პოზიციებს არასდროს შევიცვლი. მიუღებელია "ქართული ოცნების" ავანგარდში ვიხილოთ ის ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს გვირტყამდა... ის, ვინც, როცა ჩვენ ციხეში გვყრიდნენ, მაგიდის ქვეშ იყო შემძვრალი და მაგიდის ზემოდან სადღეგრძელოს სვამდა. არ მინდა ის ადამიანები ვიხილო სასამართლო სისტემაში, ვინც მოხალისეობრივად უკანონო დავალებებს ასრულებდა"- თქვა მან.
ვატო შაქარაშვილი ეკა ბესელიას წინააღმდეგ მიმდინარე მორალურ ტერორსაც ეხმაურება.
"ამას ბრძოლასაც ვერ დავარქმევ, არსად არ წერია, არც ადამიანობაში. ვინც ამას აკეთებს, ჩვენი საზოგადოების წევრი არ არის. ეს დანაშაულზე უფრო მეტია. ვინ და რატომ, ან როგორ ეგუებიან ამას ჩვენ ეთერში ვუყურებთ. გვრიტიშვილი ამბობს, რომ ეს თითქოს თავად ეკა ბესელიამ გააკეთა, ზოგი ისე საუბრობს ამაზე, რომ თითქოს ამინდის პროგნოზია. უფრო მეტს მოვითხოვდი იმ ადამიანებისგან, რომლებიც გუნდურებაზე და ფსევდო ღირებულებებზე აპელირებენ"- დასძინა ვატო შაქარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






