„რუსული სამხედრო კონტიგენტი და სპეცსამსახურები ოკუპირებულ რეგიონებში საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების, ისე ევროპის უსაფრთხოებას“ - სუს-ი
პოლიტიკა - 11:12, 28 Mar, 2019     840

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე კრიმინოგენური ვითარება, ტოტალური კორუფცია, ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებების სრული იგნორირება, დაუსჯელობის განცდა, ასევე ადგილზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს კვლავ ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალები წარმოადგენს:

„აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფოსთვის ძირითად გამოწვევად რჩება ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა და რუსეთის მიერ წარმოებული არაფორმალური ანექსიის პროცესი.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის ფედერაციის მიდგომები არ შეცვლილა და კვლავ გამოიხატებოდა არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარებაში. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული ე.წ. პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები სრულად კონტროლდებოდა საოკუპაციო ძალის მიერ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი ე.წ. პოლიტიკური ძალების აქტივობები მთლიანად იმიტაციურ ხასიათს ატარებდა, რადგან ადგილზე არსებული ყველა „პოლიტიკური პარტია“ თუ „გაერთიანება“ პრორუსულია, ე.წ. პოლიტიკოსების „კარიერა“ კი სრულად არის დამოკიდებული რუსეთის „კეთილგანწყობაზე“.

ოკუპირებულ აფხაზეთში პროცესების სამართავად საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებს ხელოვნურად შექმნილ „პოლიტიკურ-ეკონომიკურ“ არასტაბილურობას და დე ფაქტო რეჟიმს მისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს. ცხინვალის რეგიონში მოქმედი დე ფაქტო რეჟიმი კი ღიად უჭერს მხარს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებას.

საანგარიშო პერიოდში ასევე გრძელდებოდა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მოქალაქეობის ფლობის წახალისება და მისი გამარტივებული წესით მიღების მექანიზმების შემუშავება.

ოკუპირებული რეგიონები ფინანსურად კვლავაც დამოკიდებული არიან რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბიუჯეტზე. არსებული მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან მიღებული პირდაპირი ფინანსური დახმარების წილმა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 45 პროცენტი (64 მლნ აშშ დოლარი), ხოლო ცხინვალის რეგიონის „ბიუჯეტში“ დაახლოებით 86 პროცენტი (113 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა. ე.წ. ბიუჯეტების დარჩენილი წილის შევსება კი რუსეთის მიერ გამოყოფილი არაპირდაპირი ფინანსური დახმარების მეშვეობით განხორციელდა.

საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაცია კვლავ იყენებდა ოკუპირებულ რეგიონებს საკუთარი ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო მიზნებისთვის. ხაზგასასმელია დე ფაქტო ლიდერების გახშირებული ვიზიტები უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში და „ურთიერთდახმარების“ მიზნით დაწყებული თანამშრომლობა (მათ შორის, სამხედრო სფეროში). აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მსგავსად, ოკუპირებულ აფხაზეთში ოპერირება დაიწყო რუსული საბანკო სექტორის წარმომადგენლობამ, რომელსაც, დიდი ალბათობით, რუსეთის ფედერაცია უკანონო ფინანსური ოპერაციებისთვის იყენებს. ამავე პერიოდში დაიწყო ე.წ. აფხაზური საბანკო ბარათების გამოყენება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეკონომიკური ურთიერთობები გააქტიურდა სირიის არაბთა რესპუბლიკასთან, რომელმაც 2018 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

ოკუპირებულ რეგიონებში წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების, ისე ევროპის უსაფრთხოებას.

საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებზე ხორციელდებოდა გეგმური როტაციები, შეიარაღებისა და სამხედრო-ტექნიკური საშუალებების განახლება. ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, ჩატარდა ათეულობით სხვადასხვა ტიპის სამხედრო წვრთნა.

საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიზანმიმართულად მიმდინარეობდა სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის კუთხით.

მიმდინარეობდა ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი, რაც გამოიხატებოდა მავთულხლართების, ღობეებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებით, ასევე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვითა და სხვა.

საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ძალები კვლავ აგრძელებდნენ უკანონო დაკავებებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 100, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 28 უკანონო დაკავების ფაქტი იქნა რეგისტრირებული.

უკანონო დაკავებები, ე.წ. ბორდერიზაცია და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს, აუარესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ახდენს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციას.

2018 წელს ნათლად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საოკუპაციო ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ შექმნილ ვითარებას, მათ შორის, უკანონო დაკავებებსა და ე.წ. ბორდერიზაციას საქართველოში გარკვეულ საკითხებზე სამოქალაქო აზრის ფორმირებისა და ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა, მათ შორის, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა.

გასულმა წელმა ცხადყო, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე კრიმინოგენური ვითარება, ტოტალური კორუფცია, ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებების სრული იგნორირება, დაუსჯელობის განცდა, ასევე ადგილზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა.

კვლავ მწვავედ დგას ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაციის პრობლემა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლისა და ასიმილაციისაკენ მიმართული პოლიტიკა, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ქონებრივი უფლებების შეზღუდვა და რეგიონში დაბრუნების გამორიცხვის მიზნით მათი სახლების განადგურება.

გასული წლის განმავლობაში კვლავ მძიმე იყო ოკუპირებულ გალის რაიონში ეთნიკური ქართველების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული ვითარება. გალის მოსახლეობის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, მათ შორის, საკუთრების უფლება საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაწესებული არალეგიტიმური შეზღუდვებით უკიდურესად არის გაუარესებული. საანგარიშო პერიოდში კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც გალელი ქართველების უფლებრივი მდგომარეობა, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ ეთნიკური კუთვნილების „შეცვლასთან“. აღნიშნული მიზნისთვის საოკუპაციო ძალა და დე ფაქტო რეჟიმი აქტიურად იყენებენ „სამურზაყანოელი აფხაზის“ გამოგონილ ცნებას და მისი დამკვიდრების მიზნით შექმნილ ე.წ. ორგანიზაციებს“,.

2018 წელს ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ეთნიკური ქართველების სახლების განადგურების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქართული კვალის წაშლისა და ქართველების საცხოვრებელი სახლების განადგურების მიზნით ოკუპირებულ ქართულ სოფელ ერედვში რუსეთის ფინანსური მხარდაჭერით ნაგავსაყრელის მოწყობის გეგმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად მოიპოვებს ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ. ხდება ამ პროცესებში ჩართული პირებისა და ე.წ. ორგანიზაციების იდენტიფიცირება. საოკუპაციო ძალის, დე ფაქტო რეჟიმების, მათ მიერ მხარდაჭერილი ე.წ. ორგანიზაციებისა და ცალკეული პირების მიერ განხორციელებულ არაკანონიერ საქმიანობასთან და მის შედეგებთან დაპირისპირება მიმდინარეობს საერთაშორისო მექანიზმებისა და ყველა რელევანტური ბერკეტის საშუალებით.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42