საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კრწანისის სასწავლო ცენტრში, „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ზე სიტყვით გამოვიდა,.
თავის სიტყვაში ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მიზანია დემოკრატიისა და უსაფრთხოების გაძლიერება და გლობალური მშვიდობის მიღწევისთვის საერთაშორისო პარტნიორობაში აქტიური მონაწილეობის გაგრძელება.
"დღეს ჩვენი ქვეყანა, „ნატო-საქართველოს სწავლება – 2019-ის“ წარმატებით დასრულებით, კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის ძლიერ მისწრაფებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ. ამ მორიგი წარმატებული ნაბიჯით, ჩვენ მკაფიოდ და თავდაჯერებულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანი უცვლელია და არის ნატო-ს წევრობა.
ნატო-საქართველოს წლევანდელ სწავლებაში საქართველო უკვე ხელმძღვანელი ქვეყანაა და ეს თავისთავად ძალიან ნიშანდობლივია. ეს სტატუსი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად განვავითარეთ ჩვენი შესაძლებლობები ამ რიგით მეორე სწავლებისთვის და რამდენად გაიზარდა სტრატეგიული პარტნიორების ნდობა და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. სწორედ ჩვენ თავდაუზოგავ მონდომებაზე პასუხია ასეთი აღიარება. მინდა, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩატარებული წინა სწავლებისგან განსხვავებით, წელს სწავლებაში მონაწილე სახელმწიფოების რიცხვი 10-დან გაიზარდა და უკვე 24 ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყანაა ჩართული ამ მნიშვნელოვან ფორმატში.
სწორედ ასეთი ნაბიჯებით მიიღწევა ჩვენი საერთო მიზანი – მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში.
მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩემი ბოლოდროინდელი საგარეო ვიზიტების დროს, ნატო-ს გენერალური მდივნისგან, სამხედრო ხელმძღვანელობისგან, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებისგან ვისმენდი საუკეთესო შეფასებებს ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით და ეს ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარსარდლისთვის ძალიან საამაყო იყო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი შეფასებით, მასშტაბური წვრთნები, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი, სამხედრო კომიტეტის ჩამოსვლა, წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობა – ეს ყველაფერი საქართველოს მიმართ ალიანსის ურყევი მხარდაჭერის გამოხატულებაა.
„ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ სამხედრო და პოლიტიკურ რეფორმებს. ზედმიწევნით ვპასუხობთ ყველა სტანდარტსა და მოთხოვნას ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი ქვეყანა ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისად, მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს თავდაცვაზე, თავდაცვის ბიუჯეტის 20 პროცენტს კი, შეიარაღებაზე ხარჯავს. ჩვენ ამით არ შემოვიფარგლებით. ვაფართოებთ თანამშრომლობის სპექტრს და ეს ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებასა და კიბერუსაფრთხოების საკითხებს. ეს პრობლემატიკა ჩვენი საერთო საზრუნავია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ თანამშრომლობა სულ უფრო გაძლიერდეს“, - თქვა პრეზიდენტმა.
სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა ავღანეთში ვიზიტი გაიხსენა და თქვა, რომ ქართველი სამხედროები პროფესიონალები არიან.
„ავღანეთში მე შევხვდი სამშვიდობო მისიის მონაწილე ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს. მათი პროფესიონალიზმი და თავდადება სამაგალითოა. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყოველთვის აღნიშნავენ, თუ რამხელა წვლილი მიუძღვის საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში.
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არანაირი მუქარა ჩვენს მიმართ არ არის გამართლებული. საქართველო თავისუფალი სუვერენული ქვეყანაა და ის თავისუფლად აკეთებს თავის არჩევანს და ირჩევს მოკავშირეებს.
"ჩვენი ეს არჩევანი არამხოლოდ აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებას, არამედ განამტკიცებს რეგიონში სტაბილურობას და საფუძველს უდებს ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკას, ეს არის ერთადერთი სწორი და მომავალზე ორიენტირებული არჩევანი. ჩვენ ბოლომდე მივყვებით ჩვენს არჩეულ გზას მეტი ნატო საქართველოში მეტი საქართველო ნატოში“,- თქვა ზურაბიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






