განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.
კერძოდ, როგორც დღეს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ განმარტა, მინისტრის გადაწყვეტილებით, უპირველესად რეგისტრაციას გაივლიან სწორედ ამ კატეგორიის ბავშვები. შესაბამისად, რეგისტრაციის I ეტაპი 2019 წლის 25 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება.
სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვის რეგისტრაციის პროცედურა:
ამ პერიოდში, დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლები განცხადებით იმ საჯარო სკოლას მიმართავენ, სადაც შვილის მიყვანა სურთ, სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ ბავშვის რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) მოახდენს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ მომართვის ფორმას შეავსებს. აღნიშნული ფორმა სკოლიდან სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდეგაც მშობელთან კომუნიკაციის და შეთანხმების საფუძველზე, 8-დან 22 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება.
2019 წლის 8 აპრილიდან – 24 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდი შეფასების დასკვნას მშობელს და იმ სკოლას მიაწვდის, სადაც ბავშვი დარეგისტრირდა. საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ბრძანებით მოახდენს . იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ. ჩარიცხვის ან უარის თქმის შესახებ ინფორმაცია, მათთვის ცნობილი 25-დან 30 აპრილის ჩათვლით იქნება.
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ ჩაითვლება ბავშვი, რომელსაც აქვს:
ა) ფიზიკური შეზღუდვა;
ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;
გ) სწავლის უნარის დარღვევა;
დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
ე) მეტყველების განვითარების დარღვევა;
ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა;
ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება
თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს;
ი) აუტიზმის სპექტრის მქონე.
მასალის გამოყენების პირობები