საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი „მინისტრის საათის“ ფარგლებში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება.
მინიტრის განცხადებით, გამოსავალი სკოლების მართვის ეფექტიანობის გასაძლიერებლად დიფერენცირებული მიდგომაა:
„სკოლების მართვის დიფერენცირებული მიდგომა – ეს არის გამოსავალი სკოლების მართვის ეფექტიანობის გასაძლიერებლად. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ სკოლებში სასწავლო პროცესის და გარემოს მართვა დემოკრატიული და განვითარებაზე ორიენტირებული პრინციპით და შესაბამისი მხარდამჭერი მექანიზმებით მოხდეს. დღეისათვის ერთ მოსწავლეზე გათვლილი წლიური ვაუჩერის საშუალო ოდენობა განისაზღვრება 960 ლარით. ვაუჩერი შედგება საბაზო დაფინანსებისგან, რომელიც სტანდარტულად მოსწავლეზე 300 ლარია და შესაბამისი კოეფიციენტებისგან (მოსწავლეთა რაოდენობა, ინფრასტრუქტურა, სკოლის სწავლების ენა, სსსმ საჭიროება და მდებარეობა, კომუნალური ხარჯები და სხვა) სკოლა ასევე დამატებით იღებს მასწავლებლის სტატუსის დანამატს.
სამინისტროს ხედვით, სკოლას გაეზრდება საბაზისო დაფინანსება. იმისათვის, რომ სკოლები ჩავაყენოთ თანაბარ პირობებში და ამავდროულად ვიყოთ ორიენტირებული ინდივიდუალური სკოლის საჭიროებაზე დაფუძნებულ განვითარებაზე, საჭიროა შემუშავდეს დამატებითი წახალისების ეფექტური და მხარდამჭერი მექანიზმი.
შესაბამისად, სკოლის დაფინანსება უნდა შედგებოდეს შემდეგი ძირითადი კომპონენტების საფუძველზე: 1. საბაზო ვაუჩერული დაფინანსება; 2. სკოლის განვითარების ფონდი. განათლების გაზრდილი ყოველწლიური ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს სკოლების დაფინანსების ორივე კომპონენტის ზრდას როგორც საბაზისო, ისე განვითარების ფონდის ნაწილში. ეს პირდაპირ უკავშირდება მასწავლებლის ხელფასების ზრდას მათი სტატუსის და სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილის შესაბამისად.
ასევე, მუშავდება სპეციალიზებული პროგრამები სკოლის განვითარებისთვის. კერძოდ იმისათვის, რომ სკოლებმა მოახდინონ საჭიროების დადგენა თვითშეფასებაზე დაფუძნებით, ხოლო სამინისტრო ექსპერტთა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით პროგრამულად დააფინანსებს ასეთ ინიციატივებს. მაგალითად, „სასკოლო ინიციატივების“ პროგრამის ფარგლებში მუშავდება ელექტრონული პორტალი, სადაც სკოლები შეძლებენ პროექტების ინიცირებას“, – განაცხადა განათლების მინისტრმა პარლამენტში.
მასალის გამოყენების პირობები






