„ჩვენ მიერ დასმული შეკითხვის მთავარი შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ ქვეყანაში საშინლად გაიზარდა დანაშაული. დღე არ გადის, რომ ლამის, საომარ ქრონიკებში გვგონია თავი, როდესაც ვისმენთ ინფორმაციას ხან გაქურდვის, ხან დაყაჩაღების, ბანკის გაძარცვის შესახებ. გუშინ სენაკში მაღაზია გაძარცვეს და შოკოლადები მოიპარეს. სიღატაკის უკიდურეს ზღვარზე არის მისული ქვეყანა. ამიტომ, დანაშაულის ზრდას განაპირობებს მრავალი ფაქტორი - ერთის მხრივ ხელისუფლებაში გამეფებული ატმოსფეროა, როდესაც კრიმინალმა აიშვა, ვინაიდან გაჩნდა დაუსჯელობის შეგრძნება. გაჩნდნენ ასე ვთქვათ, საკუთარი დამნაშავეები და სხვა დამნაშავეები და ამ საკუთარი დამნაშავეების მიმართ ლოიალური მდგომაროება და წახალისება, კრიმინალის მხარდაჭერა იმის გამო, რომ ისინი სჭირდებათ სხვადასხვა მიზნით, მათ შორის საარჩევნო მიზნით გამოყენებისთვის. სტატისტიკა არის საშინელი... 2018-ში რატომ გაორმაგდა 2017-თან შედარებით? უკლებლივ ყველა სახის დანაშაული, განსაკუთრებით, მძიმე დანაშაულები, ფაქტობრივად, გაორმაგდა." - განაცხადა გოცირიძემ.
რომან გოცირიძის თქმით, პრემიერი აქილიკებს წინა ხელისუფლების მიდგომას "ნულოვანი ტოლერანტობის" შესახებ, თუმცა თავად აქვთ მიდგომა "ყველანი ციხიდან". რაც დეპუტატის თქმით, კრიმინალური ვითარების გაუარესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
"თქვენ პოლიტიკური მოსაზრებით ათასობით ადამიანი გამოუშვით ციხიდან რომელთა ნაწილი ევროპას აწიოკებს, ნაწილი კი აყაჩაღებს საქართველოს." - განაცხადა გოცირიძემ.
გოცირიძის განცხადებას პრემიერმა უპასუხა და განაცხადა რომ „ქართული ოცნების“ გუნდისთვის მიუღებელია წინა ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც კრიმინალის მიმართ ნულოვან ტოლერანტობას გულისხმობდა, რადგან მათი ხელისუფლებისთვის მთავარი ადამიანი და მისი უფლებებია. პრემიერის განცხადებით, სწორედ ამ ღირებულებით განსხვავდებიან წინა ხელისუფლებისგან. ბახტაძის თქმით, კრიმინოგენული ვითარება ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაუარესებული არ არის.
“სტატისტიკა რასაც აჩვენებს აჩვენებს იმას, რომ კრიმინოგენული სიტუაცია საქართველოში არ არის გაუარესებული ისე, როგორც თქვენ გინდათ დახატოთ. ეს არის სწორი სტატისტიკა და არა ის, რასა თქვენ აკეთებდით, გვამებს მალავდით, სტატისტიკის წარმოდგენა კი არა,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






