მაია ცქიტიშვილი არ ეთანხმება ოპონენტებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა შეაფერხა TBC ბანკის საქმემ.
მინისტრმა თქვა, რომ რადგან ჯერ კიდევ 2017 წელს როდესაც პროკურატურაში არ მიმდინარეობდა გამოძიება, კონსორციუმის მხრიდან დაფინანსება პროექტის განსახორციელებლად ვერ იქნა მოძიებული.
"რატომ არის საერთოდ რამე პრეტენზიები ან მოლოდინი კონსორციუმის მხრიდან სახელმწიფოს მიმართ, თურმე ჰქონიათ უკვე მოძიებული 620 მილიონი, თურმე შესძლებიათ უკვე პორტის მშენებლობა, ჰქონიათ მშენებლობის ნებართვაც. ჰყოლიათ აგერ დღეს ვნახე, რომ მემორანდუმი გაფორმდა ამწეების შესყიდვაზე, სამწუხაროდ ესეც მემორანდუმი. ალბათ შეიძენენ ამ ამწეებსაც თუ ფული ჰქონიათ. და აგერ არის გემი ათენა, რომელიც უკვე აშენებს პორტს. არის ყველა ბანკის, არსებობს საკუთარი კაპიტალი. რაზე ვლაპარაკობთ დღეს, მაშინ რა არის ჩვენგან საჭირო? აქედან გამომდინარე ჩემი პასუხი არის ეს, რომ სამწუხაროდ ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ხედავს, რომ აქვს პრობლემა და ეს პრობლემა არ დაწყებულა დღეს. ეს პრობლემა მათ ჰქონდათ 2017 წელს. 2017 წლის ბოლოს ვერ შეძლეს თავისი ვალდებულების შესრულება და დაფინანსების მოზიდვა. და ალბათ ამაში დამეთანხმებით, რომ 2017 წელს არ არსებობდა კითხვები არც ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან თიბისი ბანკის მიმართ, არც პროკურატურის მხრიდან. პოლიტიკური მხარდაჭერაც ჰქონდა, მესიჯიც თანმიმდევრული იყო მაგრამ 2017 წლის ბოლოს დაფინანსება ამ პროექტისთვის ვერ იქნა მოძიებული...
ესეთი განცხადებები კონსორციუმის მხრიდან ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ შექმნან საზოგადოებაში იმის განცდა, რომ ამ პროექტს ებრძვის მთავრობა. ამ კონკრეტულ ინვესტორს ებრძვის მთავრობა. და მთავრობა რაღაც სხვადასხვა ინტერესებს გამო რომელიც რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის ბრალია ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად ბატონ ბიძინა ივანიშვილს ახლა გაუჩნდა სურვილი, რომ ამ პროექტიდან გააქროს მამუკა ხაზარაძე. სხვა პრობლემა ამ პროექტს არ ჰქონია,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






