დაწესებულ სანქციებში მოხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ გოგია, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებთა ელჩი ოლეგ არშბა, დე ფაქტო პარლამენტის წევრი ალმასხან არძინბა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის წევრები ბახვა თედეევი, რუსლან თედეევი, დავით გაზაევი, იგორ ჩოჩიევი და იგორ ყოჩიევი.ისინი ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ჩატარებულ ე.წ „არჩევნებზე“ დამკვირვებლებლად იმყოფებოდნენ.
848 ფიზიკურ პირს შორის, რომლებსაც ქვეყნის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის მოქმედებისთვის უკრაინამ სანქციები დაუწესა არიან ავსტრიის, ბელგიის, ბრაზილიის, საბერძნეთის, იტალიის, ნიდერლანდების, გერმანიის, აშშ-ისა და უნგრეთის მოქალაქეებიც. სანქციების სიაში მოხვდა ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაშიც.
ინფორმაცია სანქციების შესახებ მერაბ ხალვაშმა დღეს დილით შეიტყო რადიო თავისუფლებისგან. ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი ამ ფაქტს უცნაურს და გაუგებარს უწოდებს. რექტორი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს სევასტოპოლში 2017 წელს ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ანტიკური პერიოდის შესახებ.
მერაბ ხალვაშის თქმით, კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვა, რადგან ის ტარდებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ამასთან, მონაწილეთა შორის იყო "რუსეთის ანტიკოსების ასოციაცია."
ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის ინფორმაციით, ამჟამად ამზადებს შესაბამის დოკუმენტებს და განმარტებისთვის უკრაინის საელჩოს მიმართავს. მერაბ ხალვაში აპირებს მიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც და საქართველოს საელჩოს უკრაინაში.
სიაში აღმოჩნდა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამრომელი მირანდა თურმანიძეც, რომელიც რამდენიმე წლის წინ სევასტოპოლიდან მიიწვიეს საერთაშორისო კონფერენციაზე, თუმცა მასში მონაწილეობა არ მიუღია. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი აპირებს განმარტებისთვის მიმართოს უკრაინის საელჩოს.
მასალის გამოყენების პირობები






