საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სესიაზე მის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას წინა ხელისუფლების მმართველობაზე ისაუბრა.
კობახიძის თქმით, ეს არის ერთადერთი კანონპროექტი სამ კანონპროექტს შორის, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.
„მოსამართლეობის კანდიდატების სიას, როგორც ჩანს, სააკაშვილი ნათელ ოთახში წერდა და ახლა იუსტიციის საბჭომ ბნელ ოთახში დაწერა... ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი არის ერთადერთი კანონპროექტი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. წარმოდგენილია სამი სხვადასხვა კანონპროექტი და არც ერთი მათგანი არ არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან. დეკემბერში იქნა წარმოდგენილი მოსამართლეთა ათკაციანი სია, კრიტიკა იყო ამაზე. მიუხედავად იმისა, რომ არც კანონი და არც კონსტიტუცია არ იყო დარღვეული სიის წარმოდგენისას, ჩვენ გავიზიარეთ საზოგადოების გარკვეული ობიექტური კრიტიკა და განვაცხადეთ, რომ არ განვიხილავდით ამ სიას და დავიწყებით კრიტერიუმების გაწერაზემუშაობას. მაშინ საბჭომ იხელმძღვანელა იმ ტრადიციით და პრაქტიკით, რომელიც იყოს ჩამოყალიბებული საქართველოში. როგორც გახსოვთ, პრეზიდენტები წარადგენდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს და არასდროს ამას არ შეხვედრია კრიტიკა, მათ შორის იმ ენჯეოების მხრიდანაც, რომლებიც არიან დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და რომლებიც დღეს ასე მწვავედ აკრიტიკებენ იუსტიციის საბჭოს მიერ ერთ დღეში კანდიდატების წარდგენას. როგორც ჩანს, თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილი ნათელ ოთახში წერდა სიებს და ახლა იუსტიციის საბჭომ ბნელ ოთახში დაწერა ის სია, რომელიც იქნა წარმოდგენილი. ჩვენ გავიზიარეთ კრიტიკა და დავიწყეთ მუშაობა“,- განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ "კლანები“ წინა ხელისუფლების დროს იყო.
„ტერმინი „კლანი“ ძალიან ხშირად გვესმის. პოლიტიკური შეტევა, შტურმია სასამართლოზე. თავის დროზე, გახსოვთ, როცა ნამდვილი „კლანი“ იყო ჩამოყალიბებული საკონსტიტუციო სასამართლოში. გიორგი პაპუაშვილი იყო „კლანის“ ხელმძღვანელი, რომელსაც ჰყავდა სამი ერთგული მოსამართლე ერთ-ერთ კოლეგიაში და ყველა საქმეს აწერდა ამ კოლეგიას, რაც პოლიტიკურად სენსიტიური იყო. „კლანი“ თუ რეალურად არის სადმე, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ნარჩენი კლანები და მათ დასაცავად ყოველთვის დგანან ზუსტად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს უტევენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. ჩვენი მიზანი არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მისი ეფექტიანობის უზრუნველყოფა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ იმ მიღწევას, რაც არის 2012 წლიდან. დასტურდება, რომ სისტემა არის გაჯანსაღებული. ამის დასტურია ის, რომ 11-ჯერ ნაკლები სარჩელი შედის სტრასბურგის სასამართლოში“,- განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






