„მინისტრის საათის“ ფარგლებში დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ელოდებიან. წულუკიანსითვის მწვავე კითხვების დასმას გეგმავს ოპოზიცია.
ოპოზიციის წევრების განცხადებით, მათ აინტერესებთ როგორ ახერხებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მინისტრი მუდმივად თანამდებობის შენარჩუნებას:
„სწორედ ასეთი მინისტრი მეშვიდე წელია არის ფავორიტი იმ ადამიანის, რომელიც ზოგადად წყვეტს მინისტრების თუ ზოგადად ადამიანების ბედს საქართველოში. როდესაც მას აქვს უფლება, რომ შანტაჟის ენით ელაპარაკოს პრემიერ-მინისტრს, როდესაც მინისტრი იმუქრება გადადგომით და საზოგადოებამ არ იცის, რასთან არის ეს დაკავშირებული, ეს არის ხელშეუხებელი ფავორიტის როლში მოვლენილი ადამიანი, რომელსაც აქვს ერთი ადამიანის ზურგი,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.
ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა სასამართლო რეფორმის წარუმატებლობას ეხება.
„ჩვენ მას ვკითხავთ, როგორ მოახერხა და ჩააფლავა სასამართლო რეფორმა. როგორ მოახერხა და ასობით ათასი ლარის ზარალი მიაყენა ბიუჯეტს, როცა პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა თანამშრომლები და ისინი სასამართლომ აღადგინა,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






