„მინდა გამოვეხმაურო ჩვენი თანამოქალაქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მკვლელობის ფაქტს, ირაკლი კვარაცხელიას საქმეს, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოკლეს რუსეთის სამხედრო ბაზაზე, გალში.
ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი რეაგირება იქნება ამაზე ხელისუფლების მხრიდან. ბუნებრივია, ყველას ინტერესია დადგინდეს სიმართლე. რომ ის ვერსია, რომელსაც ახლა ოკუპანტები ავრცელებენ, რომ თითქოს ამ ადამიანმა სამხედრო ბაზაზე თავი მოიკლა, იყოს შემოწმებული და დადგნინდეს რეალურად რა მოხდა.
ამისთვის მნიშვნელოვანია, ჩატარდეს ჩვენს მხარეს გამოძიება, ოღონდ გამოძიება ჩატარდეს სწრაფად და არა ისე, როგორც ჩვევია ჩვენს ხელისუფლებას, როდესაც წლების განმავლობაში ხდება საქმეების თაროზე შემოდება.
მნიშვნელოვანია, ეს გამოძიება ჩატარდეს იმისთვის, რომ დადგინდეს არა მარტო ის, თუ ვისი გამოისობით მოკლეს ირაკლი კვარაცხელია, არამედ ისიც, თუ ვინ უშლის ხელს გამოძიებას.
მნიშვნელოვანია, რომ ახლა, ამ ერთხელ მაინც, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები შევიყვანოთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში. ერთი წელია, რაც ეს სია არსებობს, თუმცა აქამდე რუსეთის ფედერაციის არცერთი მოქალაქე, „ეფ-ეს-ბეს“ არცერთი წევრი და ოფიცერი, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფება, არ ყოფილა ამ სიაში შეყვანილი. ახლა არის შანსი, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, საოკუპაციუო ჯარების წარმომადგენლები შევიყვანოთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






