განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.
კერძოდ, როგორც დღეს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ განმარტა, მინისტრის გადაწყვეტილებით, უპირველესად რეგისტრაციას გაივლიან სწორედ ამ კატეგორიის ბავშვები. შესაბამისად, რეგისტრაციის I ეტაპი 2019 წლის 25 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება.
სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვის რეგისტრაციის პროცედურა:
ამ პერიოდში, დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლები განცხადებით იმ საჯარო სკოლას მიმართავენ, სადაც შვილის მიყვანა სურთ, სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ ბავშვის რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) მოახდენს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ მომართვის ფორმას შეავსებს. აღნიშნული ფორმა სკოლიდან სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდეგაც მშობელთან კომუნიკაციის და შეთანხმების საფუძველზე, 8-დან 22 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება.
2019 წლის 8 აპრილიდან – 24 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდი შეფასების დასკვნას მშობელს და იმ სკოლას მიაწვდის, სადაც ბავშვი დარეგისტრირდა. საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ბრძანებით მოახდენს . იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ. ჩარიცხვის ან უარის თქმის შესახებ ინფორმაცია, მათთვის ცნობილი 25-დან 30 აპრილის ჩათვლით იქნება.
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ ჩაითვლება ბავშვი, რომელსაც აქვს:
ა) ფიზიკური შეზღუდვა;
ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;
გ) სწავლის უნარის დარღვევა;
დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
ე) მეტყველების განვითარების დარღვევა;
ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა;
ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება
თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს;
ი) აუტიზმის სპექტრის მქონე.
პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი:
რეგისტრაციის II ეტაპი, 2019 წლის 2 მაისიდან – 17 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები: რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია (მშობელი და არა ბებია ან ბაბუა); რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია:
III ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია – 2019 წლის 21 მაისიდან დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან პირველ და მეორე ეტაპზე. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge ელექტრონულად. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი:
IV ეტაპი ანუ, გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 2019 წლის 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით სკოლაში განხორციელდება. ამ ეტაპზე განთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია განხორციელდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
როგორც სამინისტრო განმარტავს, რეგისტრაციის გავლის შემდეგ სასურველ სკოლაში მშობლებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:
1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
2. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები
გთავაზობთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.
ასევე განისაზღვრა დამატებითი დოკუმენტები პირებისთვის, ვისაც დოკუმენტების წარდგენა უცხოურ ენაზე სჭირდებათ:
შეგახსენებთ, რომ „2019-2020 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლას 16 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ, ვინაიდან, როგორც ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, ახალი სასწავლო წელი 2019 წლის 16 სექტემბერს, ორშაბათ დღეს იწყება, რადგან მინისტრის ბრძანებით სწავლის დაწყების მუდმივ თარიღად განსაზღვრული 15 სექტემბერი დასვენების დღეს (კვირას) ემთხვევა და სასწავლო პროცესი კანონში არსებული ჩანაწერის თანახმად, ორშაბათს, 16 სექტემბერს უნდა დაიწყოს. კანონით კი განსაზღვრულია, რომ სკოლაში შესვლის ასაკი არის 6 წელი.
წყარო edu.aris.ge
მასალის გამოყენების პირობები