უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ერთმანეთს პარლამენტის სხდომაზე უმწვავესად დაუპირისპირდა.
"კორუფციაში ხელებს აფათურებ, სად მუშაობს თქვენი მეუღლე"- მიმართა ბესელიამ ზარდიაშვილს.
თავის მხრივ ზარდიაშვილმა ეკა ბესელიას მისამართით თქვა, რომ ბიზნესი სასამართლოში ეკა ბესელიას ჰქონდა.
„შენს ხელებს ასდის ფულის სუნი. ოჯახური ბიზნესი სასამართლოში თქვენ გქონდათ, სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარე თქვენი მეჯვარე და ბავშვის ნათლიაა, გენერალური პროკურორის მოადგილე თქვენი მეჯვარეა და ბავშვის ნათლია. ჩემი მეუღლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია, რვა წელია, იქ მუშაობს. შენ გინდა ბიზნესი სასამართლოში, რასაც ვერ მიიღებ“, - მიმართა ბესელიას ზარდიაშვილმა.
ზარდიაშვილი ირწმუნება, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტიდან იმიტომ გადადგა, რომ ბესელია თავმჯდომარეობიდან გადამდგარიყო.
"15 წელია საჯარო მოხელე ვარ და ჩემი ქვეყნისთვის პატიოსნად ვშრომობ, იმხელა სიკეთე ჩემი სამშობლოსთვის არ გამიკეთებია, როგორც ეკა ბესელიას გადადგომას შევუწყვე ხელი. არამც თუ პირველი მოადგილეობიდან გადადგომა, არამედ დღესვე მზად ვარ, პარლამენტის მანდატზე ვთქვა უარი, თუ ეკა ბესელია პარლამენტიდან გავა. სასამართლოს მოვაშორებთ ადამიანს, რომელმაც სუბიექტური ინტერესები აქვს სასამართლოში" - განაცხადა ზარდიაშვილმა.
ეკა ბესელიამ უმრავლესობის დეპუტატს ზონდერი უწოდა.
„იქედან გაგაბუნძულე, საიდანაც დაგსვეს. ვინმემ შეამოწმოს, ზარდიაშვილი ზემოქმედების ქვეშ ხომ არ არის, იმდენად აჟიტირებულია. ვანო ზარდიაშვილს, ზონდერებს პარლამენტში რა უნდათ? მშვიდობაში „ქართულ ოცნებას“. ყველაფერი ნათელია. საწყალი ეს ბიჭი, რომელსაც გეგმა ჩავუგდეთ, ოჯახური ბიზნესი ჩავუშალეთ და ის ათკაციანი სია, რომელსაც ლობირებდა და ვერ გაიტანა. თვითონაც მიჰყვა ამ სიას. მესმის, გაბრაზებულია. ვერ მპატიობენ, რომ სია გავუჩერე“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






