სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“, რომლის ერთერთი ქვეპროგრამაა საქართველოს საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული წარჩინებული მოსწავლეების პორტაბელური კომპიუტერებით უზრუნველყოფა.
ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს ასრულებენ საბაზისო საფეხურს და საფეხურის ნიშანი აქვთ 10 (ათი) ქულა დამრგვალების გარეშე შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში:
საქართველოს საჯარო სკოლებში,
ოკუპირებული გალის რაიონის ენგურს მოსაზღვრე 9 სკოლაში,
ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში აღდგენილ და ფუნქციონირებად 20 სკოლაში,
იმ კერძო სამართლის იურიდიული პირების ფორმით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელთაც სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი აქვთ ვალდებულება პრივატიზებულ ქონებაში არსებული საჯარო სკოლის მოსწავლეების უსასყიდლოდ სწავლის უზრუნველყოფის შესახებ.
ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი ინფორმაციის ცოდნა:
საფეხურის ნიშანი 10 ქულა დამრგვალების გარეშე ნიშნავს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში (VII - IX კლასებში) ყველა საგნის წლიური შეფასება უნდა იყოს 10 ქულა;
ინფორმაციას პროგრამის სავარაუდო ბენეფიციართა შესახებ საჯარო სკოლა აწვდის საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, სადაც ხდება მისი გადამოწმება სასკოლი ჟურნალების მონაცემებზე დაყრდნობით;
საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ გადამოწმებულ მონაცემების შესაბამისად საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, მიმდინარე წლის კონსოლიდირებული ტენდერით შეისყიდის გათვალისწინებული სპეციფიკაციების მქონე პორტაბელურ კომპიუტერებს - ლეპტოპებს;
კომპლექტაციაში შედის ლეპტოპი და შესაბამისი დამტენი;
საგარანტიო მომსახურების ვადა 1 წელია, რომელსაც ახდენს ტენდერში გამარჯვებული, კომპიუტერების მომწოდებელი კომპანია;
გარანტიით უფასო შეკეთება ან ახლით ჩანაცვლება ხდება ქარხნული წუნის ან ნაწილობრივი გაუმართაობის დროს. კომპიუტერის მექანიკური დაზიანება ან/და თვითნებური შეკეთება საგარანტიო მომსახურებას არ ექვემდებარება;
საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ, ბენეფიციარებს ლეპტოპები გადაეცემა, მომდევნო სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში, საზეიმო ვითარებაში. ადგილისა და თარიღის შესახებ ბენეფიციარს ეცნობება ინდივიდუალურად რესურსცენტრებისა და სკოლების მეშვეობით;
ბენეფიციარს კომპიუტერი გადაეცემა იმ შეთხვევაშიც, თუკი საბაზისო საფეხურის ზემოთჩამოთვილ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასრულების შემდეგ იგი გადავა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა როცა მას აღარ აქვს მოსწავლის სტატუსი;
ლეპტოპის მიღებისას ბენეფიციარს და მის მშობელს უფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. ხელმომწერი პირების დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლების ქონა სავალდებულოა;
საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ მონაცემთა გადამოწმების პროცესში გამოვლენილი ხარვეზის მქონე კანდიდატების მონაცემები იგზავნება სამინისტროში, სადაც შექმნილია „ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატის მიკუთვნებასთან ან „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ბენეფიციარობასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განმხილველი კომისია“;
კომისიის გადაწყვეტილება ყველა კანდიდატს ეცნობება ინდივიდუალურად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ;
კომისიის გადაწყვეტილებით დამატებით განსაზღვრულ ბენეფიციარებს ლეპტოპების გადაცემის თარიღისა და ადგილის შესახებ ინფორმაციას აწვდის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო.
facebook გვერდის ლინკი: https://www.facebook.com/ESIDA.info/
მასალის გამოყენების პირობები