სოფელ ხურვალეთში არსებულ სიტუაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე ეხმაურება.
ირაკლი ანთაძის თქმით, არ დაფიქსირებულა არანაირი ინციდენტი, ისევე არ არის დაფიქსირებული ბორდერიზაციის ახალი კერა.
"როგორც ხედავთ, ადგილზე პატრულირებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ჩვენ ვართ მუდმივ კომუნიკაციაში. გარდა ამისა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან ან განცხადებისგან, რამაც შეიძლება მოახდინოს სიტუაციის პროვოცირება და საფრთხე შეუქმნას ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს,“ - განაცხადა ანთაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაფიქსირდა თუ არა ოკუპანტების გადაადგილება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ „ინციდენტები ამ მონაკვეთზე დაფიქსირებული არ არის.“
სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.
მასალის გამოყენების პირობები






