შეთანხმებაზე ხელმოწერა საქართველოსა და იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიას შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.
შეთანხმება ითვალისწინებს იაპონური და ქართული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ხელშეწყობას, შესაბამისი ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას ერთმანეთის ბაზარზე წვდომის უზრუნველსაყოფად და იაპონიის კომპანიების მხარდაჭერას საკუთრი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად საქართველოში, რისთვისაც იაპონიის ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ ექსპერტებს მიეწოდებათ შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტები.
გიორგი ქობულიას განცხადებით, NEXI - სთან გაფორმებული შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია იაპონური კომპანიებისთვის, რომლებიც ახალ ბაზრებზე შედიან. აღნიშნული ორგანიზაცია არის სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია, რომელიც აზღვევს იაპონურ საინვესტიციო პროექტებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
„იაპონური ბიზნესი საკმაოდ სპეციფიკურია თავისი ბუნებით და რისკის აღქმით მხრივ, ამიტომ მათ სჭირდებათ გარანტირებული სადაზღვევო ინსტრუმენტის არსებობა, რომლითაც მოხდება კომპენსირება პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
NEXI იაპონიის სამთავრობო ოფიციალური საექსპორტო საკრედიტო სააგენტოა, რომელიც სადაზღვევო პროდუქტებით იაპონიის ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ კომპანიებს უზრუნველყოფს.
მასალის გამოყენების პირობები






