ზურაბ ჭიაბერაშვილი ტყუილს უწოდებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უფასო მედიკამენტების პროგრამისთვის 8 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, რეალურად, მოქალაქეებმა მხოლოდ მილიონ შვიდასი ათასი ლარის ღირებულების წამლებით ისარგებლეს.
„ჯანდაცვის სამინისტროს გუშინდელი განმარტება მედიკამენტების პროგრამასთან დაკავშირებით არის სრულიად გაუმართლებელი, იქიდან გამომდინარე, რომ იმ ადამიანებამდე, ვისაც სჭირდება წამალი, მივიდა მხოლოდ მილიონ შვიდასი ათასი ლარის მედიკამენტი და სამინისტრომ უფრო დეტალურად უნდა განმარტოს, თუ შეიძინა რვა მილიონის მედიკამენტი, რა მოუვიდა დანარჩენი ექვსი მილიონი ლარის მედიკამენტს და რატომ ვერ ისარგებლეს ამით მოქალაქეებმა,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
საკითხზე კომენტარი გაკეთდა ჯანდაცვის მინისტრის მხრიდანაც. დავით სერგეენკო ირწმუნება, რომ მედიკამენტებისთვის გამოყოფილი თანხა მედიკამენტების შესაძენად სრულად იქნა გამოყენებული.
სერგეენკოს თქმით, აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე ადამიანების რიცხვი გათვლილზე ნაკლები აღმოჩნდა.
„ის ბიუჯეტი, რაც იყო გამოყოფილი შარშან, მედიკამენტები იყო სრულად შეძენილი და ეს მედიკამენტები არის დასაწყობებული ჩვენს კონტრაქტორ კომპანიებთან და არის იმ სააფთიაქო ქსელებში, ვისთანაც გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება.მოსალოდნელი რაოდენობა მოსარგებლეების, რომელიც ჩვენ გავთვალეთ სტანდარტებით, ავადობის მიხედვით, მათზე უფრო ნაკლები არის მოსარგებლე ამ პროგრამის. ანუ, არსებობს მედიკამენტი, მაგრამ მოსახლეობა არ სარგებლობს ამ შესაძლებლობით, რომ ფასდაკლებით, ან მაქსიმუმ ლარად შეიძინოს ეს მედიკამენტები,“- განაცხადა სერგეენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






