იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე აშშ-ის სახელმწიფოდ ეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება. მიქაუტაძის განცხადებით, ანგარიშის კრიტიკული შინაარსი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულმა არასწორმა ინფორმაციებმა განაპირობა:
„დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული ის წყარო, რომელზე დაყრდნობითაც აკეთებენ ანგარიშის ავტორები ამ დასკვნებს და ეს წყარო არის ისევ და ისევ კოალიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უკვე გასაგებია, რომ სასამართლო სისტემის მიმართ გამოთქვამენ ერთსა და იმავე პრეტენზიებს. შემიძლია, კიდევ ერთხელ გავცე პასუხი თითოეულ ბრალდებას, რომელიც წარმოდგენილია. თუნდაც, შემიძლია, მაგალითად მოვიყვანო საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამა, რომელზეც ჩვენ არაერთი შეხვედრა ჩავატარეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყველა მათი პრეტენზია გავაბათილეთ მტკიცებულებებით,რომ ელექტრონული განაწილების პროგრამა მუშაობს ხარვეზების გარეშე და იქ არანაირ ჩარევას ადგილი არ აქვს. თუმცა, ჩვენ მაინც გვესმის მათი მხრიდან ცრუ ფაქტებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციები.
ვფიქრობ, არ არის სულერთი, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით კეთდება ჩანაწერები ანგარიშებში, რადგან სწორედ ამ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და აქედან უნდა ვეძებოთ პრობლემები. ამიტომ ის წყარო, რომელიც მითითებულია ინფორმაციის საფუძვლად, არის მნიშვნელოვანი. კიდევ ვამბობ, იქ არის მოყვანილი ფაქტები, რომლებზეც ჩვენ გვქონდა შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან. არის მნიშვნელოვანი, რა წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






