სამწუხაროა, და ამის მერამდენედ აღნიშვნა მიწევს, გრიგოლ ხანძთელი თავისი ისტორიული და სულიერი მისიით ჯერაც შეუცნობელი და გადაუფურცლავი საიდუმლოა ჩვენი წარსულის და გზაა ჩვენი მოვალის ნათლადხილული, ისევე როგორ “ვეფხისტყაოსანი, მასში დამალული უამარავი პოლიტიკური თუ სოციალური კონსტიტუციით. ისე, როგორ არ იციან, არ ახსოვთ ან არ სურთ იცოდნენ საქართველოს სახელმწიფოში, საქართველოს საპატრიარქოში, რომ ერთიანი საქართველო პირველად სწორედ ხანძთელმა იქადაგა და დალოცა. ერთიანი და ძლევამოსილი - რომელიც ოთხი საუკუნის მერე აღსრულდა თავისი სიდიადით.
200 წლიანმა რუსულმა ბატონობამ და მათ შორის, 70 წლიანმა კომუნისტურმა რეჟიმმაც ვერ შეძლო ქართველთა ცნობიერებაში მონარქიისა და მონარქთა მიმართ პატივისცემის ამოშანთვა. მონარქია, ეკლესიასთან ერთად, იქცა ქართული ეროვნული იდენტობის გარკვეულ ისტორიულ სიმბოლოდ. და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ამის აღიარება, სწორედ დღეს - ის რაც ვერ შეძლეს კომუნუსტებმა, რუსმა იმპერალისტებმა შესძლო საქართველოს საპატრიარქომ თავისი აბსურდული, დროსთან და სივრცესთან აცდენილი პროექტით, რასაც ბაგრატიონთა ქორწინება და ტახტის მემკვიდრის დაბადება ერქვა.
განა ბევრს ახსოვს როგორ დაიწყო როიალისტური იდეის “აღორძინება” ჩვენთან. საბჭოთა პერიოდში, მიხეილ გორბაჩოვის მმართველობისას, როდესაც ის მისაღები გახდა მსოფლიოს ლამის ყველა ლიდერისთვის, წარმოშვა ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა - გორბაჩოვთან შეხვედრას თავი აარიდა და კატეგორიული წინააღმდეგი იყო ინგლისის დედოფალი ელიზაბედ II. გაგახსენებთ ან მოგიყვებით ერთ ფაქტს: საბჭოთა ლიდერის თვითმფრინავი, რომელსაც გეზი აშშ-სკენ ჰქონდა აღებული, მოულოდნელად რეიკიავიკში დაჯდა. მსოფლიო პრესა საგონებელში ჩავარდა - თუ რა სახის შეხვედრა გაიმართა გორბაჩოვსა და ინგლისის პრემიერ-მინისტრს მარგარეტ ტეტჩერს შორის. წლების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გორბაჩოვმა კვლავ ითხოვა აუდიენცია დედოფალთან, რაზედაც რკინის ლედისგან მიიღო პასუხი - “სამეფო ოჯახი”. დიდი ბრიტანეთისთვის და კერძოდ ინგლისის დედოფლისთვის ნიკოლოზ II-ის ოჯახის ბედი არ გახლდათ მერეხარისხოვანი. იმპერატორის მეუღლის - ალექსანდრა ფეოდოროვნას (პრინცესა ალისა ვიქტორია ელენა ლუიზა ბეატრისა) დედა იყო პრინცესა ალისა ინგლისელი, დედოფალ ვიქტორიას მესამე ქალიშვილი. დიდი კნეინა ელისაბედ ფიოდოროვნა კი იმპერატრიცას და გახლდათ. რომელიც ასევე დახვრიტეს ბოლშევიკებმა სამეფო ოჯახთან ერთად იპატიევის სახლში. შესაბამისად, რუსეთის სამეფო ოჯახის ბედი არ გახლდათ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის შიდა პოლიტიკური საკითხი, ეს თემა უშალოდ ეხებოდა ინგლისს, რადგან სამეფო ოჯახთან ერთად დახვრიტეს დედოფალ ვიქტორიას ორი შვილიშვილი.
სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გამოჩნდა საბჭოთა პრესაში პუბლიკაციები სამეფო ოჯახის წინააღმდეგ სასტიკ მოპყრობაზე. ქვეყნდებოდა ისტორიული მასალები იპატიევის სახლში დახვრეტილი მეფისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ. პარალელურად სხვადასხვა საბჭოთა რესპუბლიკებში, სადაც ამის ტრადიცია არსებობდა, დაიწყო როიალისტური მოძრაობები, რომელსაც კგბ კურირებდა არ მინდა განსაკუთრებულად შევიდე სიღმეებში, მაგრამ ეს იდეა სხვადასხვა პერიოდში კულტივირებდა საქართველოშიც და მას ჰყავდა პოლიტიკური ლობი ტრადიციოლაისტებისა (ა.ასათიანი) და მონარქისტების (თ. ჟორჟოლიანი) სახით. ამ იდეის კულტივირება დაიწყო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაშიც. არ გამოვრიცხავ და დავუშვათ, რომ ეკლესიის მიერ ამ თემის პერიოდული წამოწვევა სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი იყო. რადგან ქართული მონარქია საშუალებას იძლეობდა მოხდარიყო არა მხოლოდ ისტორიული იდენტობის ხაზგასმა, არამედ ცივილიზებულ სამყაროსთან სიმბოლური კავშირების აღდგენით ხორცი შეესხა ქართული სახელმწიფოს იდეას, მისი ისტორიული მისიისა და როლის, გამოცდილებისა თუ იდენტობის წარმოჩენას და გნებავთ, ეს იყო უსაფრთხოების გარანტიების მოპოვების შანსიც კი. (ბმაში დაინახათ უინძორები, ბურბონები, რომანოვები და ა.შ.)
მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან კარგად გამოგვდის ყველაზე კარგი იდეების გაბანძებაც კი. ვიმეორებ - სიკარგე ამ შემთხვევაში სულაც არ იყო ბუტაფორიული მეფის ყოლა, არამედ პოლიტიკური პრაგმატიზმის ნაწილი გახლდათ. რამდენად მისაღები თუ მიუღებელი ეს ცალკე საკითხია. თუმცა ვეცადოთ, რომ პოზიტივები ვეძებოთ მოვლენებში და დაშვებაში.
თუმცა, ვაღიაროთ ისიც, რომ ქართველ პოლიტიკოსები, რომელთც საპატრიარქოს წიაღიდან წამოსული ყველა იდეა, ღვთითკურთხეული ჰგონიათ, ხბოს აღტაცებით შეხვდნენ ამ მკვდრადშობილ პროექტს - სამეფო ოჯახის ქორწინებას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში დაცლილი აღმოჩნდა ყოველგვარი ემოციული შემადგენლისგან. პროექტის პრაგმატიზმი ემოციის გარეშე, არაფერით განსხვავდება ხელოვნური განაყოფირების აქტისგან, რომელიც ასე მიუღებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.
ყველაფერთან ერთად ძალიან ცუდად იყო შერჩეული ამ “შეჯვარების” (მაპატიეთ უხეში გამოთქმა) დროც. მაგრამ რადგან ქართველ პოლიტიკოსებს მუდამ სჭირდებათ ხოლმე საპატრიარქოსგან ლეგიტიმაცია, მათაც საკუთარი წვლილი შეიტანეს ამ აბსურდის “თეატრში” და საკუთარი როლებიც შეასრულეს ვინ დამსწრე სტატისტის, ვინ კიდევ სამეფო ქორწილში მომლხენთა რანგში.
ბოლოს მონარქიის თემა 2017 წლის 13 ოქტომბერს გააჟღერა საქართველოს კათალისკოს-პატრიარქმა და “ახალ კონსტიტუციაზე” მომუშავე პარლამენტის თავმჯდომარე და იმჟამად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, უმალ ეწვივნენ მის უწმინდესობას. ხოლო პრემიერმა კვირიკაშვილმა იდეას პატივი მიაგო, მაგრამ დროში “გადასწია”.
დღეს როცა, მთელი ქვეყანა ხალისობს ქართველ ბაგრატოვანთა უდღეურ კარის თამაშებზე, საპატრიარქო დუმს. არადა თურმე დნმ-ს ტესტიც ჩაუტარებიათ და თურმე ახლა იციან, რომ დედოფალი ანა ბაგრატიონი არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვარ ნუგზარ ბარგარიონზე მაღალი წარმოდგენის, მაგრამ საპატრიარქოს უნივერსიტეტთან არსებული გენეტიკური კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ზოგად მეცნიერებათა (საეროთა და სასულიეროთა) პროფესორი გიორგი ანდრიაძე ქალბატონ შორენას გარეშე რომ არაფერს აკეთებს, ეგეც ხომ ვიცით. თან ეს ანდრიაძე სამეფო ქორწილშიც კი არ იყო დაპატიჟებული და იქნებ ამის გამო გაუყალბა დასკვნა გრუზინსკებს - ეს ნახვერად ხუმრობით და უფრო სერიოზულად - დავიჯერო, რომ ასე, მატრიარქის - ანუ შორენა I-ის გარეშე დაიწერა ეს დასკვნა? აქვე, ერთი ფაქტის შესახებ რაც ნამდვილად არ იცის ანდრიაძემ. ქორწილის დღეს, ტაძრიდან გამოსულ მეფე-დედოფალთან ორი სამხრეთული წარმოშობის, შესამჩნევად გამორჩეულად შემოსილი მამაკაცი მივიდა. თვალშისაცემი იყო მათი არისტოკრატიზმიც. ახალდაქორწინებულებს მიულოცეს (საუბარი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა) და დიდი ტაქტით და მოკრძალებით ითქვა, რომ ისინი წარმოადგენენ სომხეთის სამეფო ოჯახს და მათთვის დიდი პატივი იქნება თუ მეფე დედოფალი სამომავლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას და მომავალ პირმშოს აღსაზრდელად გადადცემს მათ, შემდგომში სომხეთის სამეფო დიანისტიის აღსადგენად. ზემოთ იდეა და მიზანი ვახსენე და ბარემ აქაც ვიტყვი - აი, რითი გვჯობია უმარავ კონცეპტუალურ საკითხში, თუნდაც იდეის რეალიზების მცდელობაში, ეს მრავალტანჯული და უდიდესი ისტორიის ერი. ეს იმის მიუხედავად, რომ ჩვენც და სოხმებსაც ჩვენი წარსული და ისტორიული ბმა გვაძლევს ერთმანეთზე ქილიკის, შაყირის, სიყვარულისა თუ ცალკეულ შემთხვევებში დაპირისპირების უფლებას და საშუალებასაც.
ახლა ისევ და ისევ საპატრიარქოს მიერ მახინჯად განხორციელებულ ამ იდეას დავუბრუნდეთ. თუნდაც ეკლესიის მტრად გამომაცხადონ უნდა ვიკითხო: სანამ ორშვილიან ქალს ოჯახს დაანგრევინებდნენ, სანამ ახალგაზრდა მშვენიერ ქართველ კაცს, დედოფლის პირველ ქმარს, გააბოროტებდნენ და ცხოვრებას მოუწამლავდნენ, იმიტომ რომ საპატრიარქოს სამეფო კარის თამაშებით გართობა მოუნდა, მანამდე რომ ჩაეტარებინათ ეს დნმ-ის კვლევა არ შეიძლებოდა?
ისე, ეს ფაქტი რატომ უნდა გაუკვირდეს ნუგზარ ბაგრატიონს, რომელიც იურა ჩიქოვანს აიძულებდა მისი პირველი სიძე გურიელების მხრიდან სამეფო ოჯახის მემკვიდრედ ეღიარებინა. (ბატონი იურა ჩიქოვანი სამეფო ოჯახისა და ქართველ თავადაზნაურთა გენიოლოგიის უბადლო მკვლევარი გახდათ). არ იკისრა ეს საქმე მაშინ ბატონმა იურამ და პირველიც სიძის “შტოს” წარმომავლობას დაურთო განმარტება - დასაბუთებას მოითხოვს.
ცხადია, რომ საპატრიარქო მხოლოდ ბაგრატოვანთა ბედ-იღბალზე არ რუდუნებდა. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ პროექტს უნდა მიბმოდა შიოლაშვილების ბაგრატიონებთან კავშირის იდეა, რომლითაც შიოლაშვილები მიწის და ცის ხელმწიფეებად უნდა უნდა გამოცხადებულიყვნენ წილხვედრის მიწაზე. ალბათ ისიც გახსოვთ, რომ მედიაში გაჩნდა მოსაზრება, მონარქიის აღდგენის და რაც ყველაზე მთავარია, უფლისწულის რეგენტად პატრიარქის დანიშვნის თაობაზე, რაც მის უწმინედობას სწორედ რომ ცისა და მიწის ხელმწიფედ აღაზევებდა. პატრიარქს რომ ზეციურ მეკვიდრეობაზეც არა ერთი ღამე აქვს ნაფიქრი ეგეც ცხადია, და რომ არა მეუფე დიმიტრის მიერ ციანიდით საკუთარი თავისთვის მიყენებული ზიანი, ახლა მოსაყდრეც კი სხვა გვეყოლებოდა, რა თქმა უნდა, რუსეთის ეკლესიის ნებარათვით და გრუ-ს ხელდასმით.
ასეა თუ ისეა, დასრულდა საპატრიარქოს სამეფო კარის თამაშები და ხელში შეგვრჩა დანგრეული ოჯახი, ტრამვირებული ადამიანები, გაბახებული მონარქიზმის იდეა და შეურაცხყოფილი წარსული. ნამდვილად უნდა დვიჯერო, რომ ეს ქვეყანა მართლა წილხვედრია, თორემ როგორ გაუძლებდა ამდენ სიბრიყვეს?
გოჩა მირცხულავა
მასალის გამოყენების პირობები






