საკანონმდებლო ცვლილების შესახებ ირაკლი სესიაშვილი ფეისბუკზე წერს:
„საკანონმდებლო ინიციატივის წესით დავარეგისტრირე კანონპროექტები, რომლებიც ორ მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს
პირველი ცვლილება შეეხება იმ წვევამდელებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და გადავადებული აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახური. იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოთქვამენ სურვილს სწავლის პარალელურად მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს, ისარგებლებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი შეღავათებით და სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. წარმოდგენილი ცვლილება ერთის მხრივ ემსახურება ქვეყნის ინტერესს და ამავდროულად მიმართულია სტუდენტების ინტერესების ხელშეწყობისკენ.
მეორე ცვლილებით გაუქმდება ნორმა, რომლითაც პირები რომლებიც არიან მღვდელთმსახურები სარგებლობენ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით. დღეისათვის ამ ნორმასთან მიმართებაში გამოიკვეთა ხარვეზები და პრობლემური საკითხები, რომლებიც დარეგულირებას საჭიროებს. პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად, უარს განაცხადებენ მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, აქვთ კანონიერი უფლება და ვალდებულება გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად.“- წერს სესიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






