კახა კალაძის ეს განცხადება „ნიუპოსტთან“ საუბრისას დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ შეაფასა. მისი თქმით, ოპოზიციამ მცირე გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ ბრძოლას გააგრძელებს, რადგან მოხდეს უფრო მკაფიო განცხადების გაკეთება იმასთან მიმართებით, რომ თაბორის მთაზე დაგეგმილი პროექტი არ განხორციელდება:
„მერიამ აღიარა, რომ ეს მშენებლობა არის შეუსაბამო არსებულ ლანდშაფტთან და იქ არსებულ სიტუაციასთან, ეს უკვე არის ჩვენი პატარა გამარჯვება, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო „რუსთავი 2“-თან ერთად, ვინც გაახმაურა ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი თაბორის მთაზე აპირებდა მორიგ მახინჯ მშენებლობას და ის უნდა შეჩერებულიყო. კალაძემ პირველი ეტაპისთვის განცხადება გააკეთა, თუმცა მას არ უთქვამს ხაზგასმით, რომ მშენებლობა უნდა შეჩერდეს. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს მშენებლობა იქ არ განხორციელდეს, რადგანაც თაბორის მთა ისედაც დამახინჯდა ივანიშვილის მავნებლური მშენებლობით და ეს მშენებლობა არსებულ ლადშაფტს კიდევ უფრო გაანადგურებს, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ კიდევ უფრო მკვეთრი განცხადების გაკეთებას, დაზუსტებას, რომ საბოლოოდ აიკრძალოს ეს მშენებლობა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც გენერალური გეგმაც ამ ტერიტორიებზე ამბობს, რომ აქ არანაირი მშენებლობა, რომელიც უხეშ ჩარევას მოახდენს ასრებულ ლანდშაფტებზე, არ შეიძლება“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






