თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს, რომ კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომსახურე ორმა ჯარისკაცმა რამდენიმე წვევამდელზე ფულის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა.
19 წლის ქაზიმ გახრამანოვი ფულის გამოძალვის შესახებ რამდენიმე დღის წინ ღიად საუბრობდა. დაზარალებული წვევამდელი ყვებოდა, როგორ გააღვიძეს ის ღამით და ფული მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჯარისკაცის თქმით, ძალადობას სერჟანტი ესწრებოდა.
საქმეში არსებობს კიდევ ერთი წვევამდელი, რომელმაც სასტიკად ნაცემ გახრამანოვს მამასთან წერილი გამოატანა და შველა ითხოვა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ ქვეყნაში 90-იანი წლების პრაქტიკა, ე.წ. დედოვშინა ბრუნდება და ამის მიზეზი უწყებაში დასაქმებული არაპროფესიონალები არიან, რომლებიც შეიარაღებულ ძალებს უყურებენ, როგორც შემოსავლის წყაროს.
"სამწუხაროდ, ქვეყანაში არ დარჩა არცერთი ინსტიტუტი, რომელიც არ დაზარალდა "ქართული ოცნების" 7-წლიანი მმართველობის შედეგად. ძალიან სამწუხაროა, რომ მათ რიგებში დადგა ჩვენი შეიარაღებული ძალები. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ შეიარაღებულ ძალებს მართავს ხალხი, რომელიც ფიქრობს არა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, თავდაცვისუნარიანობაზე, არამედ ფიქრობს და უყურებს შეიარაღებულ ძალებს, როგორც შემოსავლის წყაროს.
ბევრს ეგონა რომ 90 -იანი წლები საქართველოში არასდროს დაბრუნდებოდა, თუმცა სამწუხაროდ ბოროტებას, სიმახინჯეს აქვს თვისება - უკან მობრუნების. როგორც კი ამას დაუშვებს ხელისუფლება, ის აუცილებლად აყროლდება. ის, რაც ჩვენ კრწანისის სამხედრო ბაზაზე ვიხილეთ, ამას ჰქვია "დედოვშინა". ეს ხდებოდა ჩვენს შეიარაღებულ ძალებში მაშინ, როცა მას რუსი გენერლები მართავდნენ.
ის წარმატებები, რასაც ქვეყანამ წინა ხელისუფლებისა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მიაღწია, შედეგი იყო უზარმაზარი შრომის და იმ რეფორმების, რომელსაც ათასობით ადამიანი პრეზიდენტთან ერთად ახორციელებდა. ეს ყველაფერი ჰაერზე არ გაკეთებულა, ჰაერიდან არ ჩამოვარდნილა ის შეიარაღებული ძალები, რომლებიც ჩვენ 2012 წელს დავტოვეთ. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, შეიარაღებული ძალებიდან გაუშვეს პროფესიონალი მებრძოლი-მეომრები, ზოგიერთი თავად წავიდა და ახლა უცხოეთში იძულებითაა გახიზნული, ზოგიერთი დაიჭირეს და ციხეში გამოკეტეს. შეიარაღებულ ძალებში კი მოიყვანეს ხალხი, რომლებიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, რაც ძალიან დიდი უბედურებაა. "დედოვშინა" არის ის ზღვარი, რომლის იქითაც თავდაცვისუნარიანობაზე საუბარი შეუძლებელია. თუმცა, როგორც ხედავთ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში პრიორიტეტები შეიცვალა, შეიცვალა მიდგომა შეიარაღებული ძალების მიმართ და მივიღეთ ეს მძიმე სურათი"- უთხრა "ნიუპოსტს" დიმიტრი შაშკინმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, მძიმე ვითარებაა თითქის ყველა სამხედრო ბაზაზე.
"კრწანისის ბაზა არის ერთ-ერთი საუკეთესო, რადგან იქ ემზადებიან ჩვენი ჯარისკაცები მისიებში მონაწილეობის მისაღებად, ანუ თქვენ ახლა წარმოიდგინეთ, რა ხდება სხვა ბაზებზე. კრწანისიდან ინფორმაცია მარტივად ჟონავს, რადგან იქ მუშაობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები და აქიდან გამომდინარე, მსგავსი ინფორმაციების დამალვა შეუძლებელია. თუ თავდაცვის სამინისტროს შეუძლია მარტიავად "ჩაპრესოს" ჯარისკაცი ან სერჯანტი სხვა ბაზაზე, კრწანისის ბაზაზე ეს არ გამოუვა, რადგან უცხოელების თვალწინ ხდება ეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ, როგორ იმიჯს ვიძენთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში?! აქ ხომ ერთ ფაქტზე არ არის საუბარი?! რამდენიმე წლის წინ, ბაზის ტერიტორიაზე ადამიანი მოკლეს, რომელიც საიდუმლო ობიექტზე შემოვიდა და ვიცით ჩვენ ასევე სხვა ძალადობის ფაქტები..." - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






