“რამდენიმე თვის წინ საზოგადოების განხილვის საგნად იქცა დედაქალაქის ტერიტორიაზე ლანდშაპტური მდგომარეობის შენარჩუნებისა და თაბორის N1, ყოფილი ბერძნის ქ. N39, განაშენიანების საკითხი, სადაც სასტუმროს პროექტი უნდა განხორციელებულიყო. ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი ეკუთვნის საქართველოს პარლამენტის წევრს, ბექა ოდიშარიას. ბექა არის ჩემი მეგობარი, მე აქ დასამალი არაფერი მაქვს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მეგობრობა და ის, რომ ერთი გუნდის წევრები ვართ, თუმცა პირველ ადგილზე ჩვენ ყველა ვაყენებთ ქალაქის ინტერესებს და გამოვდივართ დედაქალაქის ინტერესებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაცემულია არქიტექტურული გეგმარებითი დავალება; რამდენიმე ნაკვეთზე იმ ზინებით, რომელიც დღეს ადევს, შესაძლებელია მშენებლობა და პროექტის განხორციელება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გამოვდივართ ქალაქის ინტერესებიდან,” – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ლანდშაფტის ზოლი 80-იანი წლების შემდეგ არ განახლებულა:
“ამაზე ჩვენ კულტურის სამინისტროსთან გვექნება კომუნიკაცია, ურთიერთობა და ამას აუცილებლად მოვაწესრიგებთ. ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ჩემი დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ბექას, მაგრამ იქ მშენებლობა ჩვენთვის არ არის მისაღები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ბექა არის კეთილსინდისიერი მფლობელი ამ მიწის და რა თქმა უნდა, იგი არ უნდა დავაზარალოთ, როგორც სხვა შემთხვევებში მოხდა; იგივე იყო კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, რესტორან “ოტიუმის” წინ, სადაც გაცემული იყო არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება, იქაც უნდოდათ სასტუმროს პროექტის განხორციელება… იგივე იყო ვაკის პარკში, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ადგილების შესანარჩუნებლად. ამიტომ, პირველ რიგში, გამოვდივართ ჩვენი ქალაქის, თბილისის ინტერესებიდან“, - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






