ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში, ძირითადად, ეყრდნობა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოქალაქეებისგან მიღებულ ინფორმაციას. კვლევის მიმდინარეობისას ორგანიზაციამ განახორციელა 8 ვიზიტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებთან განლაგებულ 27 სოფელში. შეხვედრები გაიმართა, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან. გამოკითხვის გზით და სხვადასხვა საჯარო ინფორმაციის მიღების შედეგად გამოვლენილი პრობლემები გაანალიზდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით.
არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები საქართველოს სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
უზრუნველყოს პატრულირება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე იმ სოფლებში, სადაც ხშირად ფიქსირდება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტები;
პოლიციის პოსტები განალაგოს გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების ბოლოს, გამყოფი ხაზის სიახლოვეს, სადაც ხშირად ფიქსირდება უკანონო დაკავებები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურასა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას:
უზრუნველყოს ე.წ. გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის სათანადო ინფორმირება, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა, როდესაც ადგილი აქვს მათი ოჯახის წევრის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტს;
როგორ ისარგებლონ ცხელი ხაზით, რა სახის დახმარებას შეიძლება ელოდონ, ვის უნდა დაუკავშირდნენ და მიაწოდონ სხვა საჭირო ინფორმაცია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფომინისტრის აპარატს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში:
მხარი დაუჭირონ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციასა და ზიანის ანაზღაურებას, ასევე - აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობისათვის სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფას.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს:
გამოიყენოს ყველა შესაძლო საერთაშორისო სამართლებრივი, კვაზისამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე მიმდინარე მასობრივი უფლებადარღვევებისათვის რუსეთის ფედერაციისა და დე ფაქტო ხელისუფლებების პასუხისმგებლობის აღძვრისათვის.
საერთაშორისო სამთავრობოთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს:
გააქტიურონ მუშაობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მასობრივი უფლებადარღვევების წინააღმდეგ საბრძოლველად.
საქართველოს მთავრობას:
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში აქტიურად იქნას დაყენებული გამყოფ ხაზებზე მიმდინარე მასობრივი უფლებადარღვევები და განხილულ იქნას პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზები.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს:
2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქმეთა შერჩევისას, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების თანმდევი შედეგები ე.წ. გამყოფ ხაზებზე, რაც გამოიხატება ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებში;
ე.წ. გამყოფ ხაზებზე მიმდინარე უფლებადარღვევები შეფასდეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჭრილში.
რუსეთს ფედერაციასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებს:
შეწყდეს გამყოფ ხაზებზე ადამიანთა თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მათი გადაადგილების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა. შესაძლებლობა მიეცეს ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას, გალის რაიონში განათლება მიიღოს ქართულ ენაზე.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას:
გაასაჯაროვოს ანგარიშები, რომლებიც მოიცავს გამყოფ ხაზებზე დაკავებული პირების გამოკითხვის შედეგებს. მოახდინოს ადამიანის უფლებათა დარღვევების შეფასება მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
აღნიშნული ინფორმაცია გადასცეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმებს
მასალის გამოყენების პირობები






