აფხაზეთის გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე ერთ-ერთ სოფელში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მოქალაქის საცხოვრებელი სახლი და ჭიშკარი მდებარეობს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო ეზო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. მიღებული ინფორმაციით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისთვის არსებულ სახლში მცხოვრები პირი უკვე რამდენჯერმე დააკავეს. იგივე სოფელში ასევე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც საცხოვრებელი სახლი მდებარეობს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო ჭიშკარი და ეზო კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აფხაზეთის გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ფახულანში დაფიქსირდა შემდეგი შემთხვევა: ადგილობრივი მოსახლის სახლი მდებარეობს გამყოფი ხაზის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო ეზო - საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ოჯახის ინფორმაციით, მათ ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეები მივიდნენდა გამოაცხადეს, რომ ტერიტორიის შემოღობვას აპირებდნენ. ადგილობრივი მოსახლის ინფორმაციით, მისი შვილები სწავლობენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ასევე მათ აქვთ კავშირები, სამუშაო და ოჯახური ურთიერთობები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ოჯახმა რუსი მესაზღვრეებს სთხოვა, დრო მიეცათ, სანამ მავთულხლართებს გაავლებდნენ, რათა გაეკეთებინათ შესაბამისი საბუთები:
„ბიჭმა თხოვა - ცოტა დრო მომეცით, ფული არა მაქვს, ყველას საბუთი რომ გავაკეთოო. მოგვცეს დრო ახალ წლამდე. თუმცა, შეიძლება, დღეს დაიწყონ მუშაობა, შეიძლება ხვალ, გარანტირებული არ გვაქვს. იქით ყანა მაქვს, სახლის უკან. ვერ გაგიშვებთო იქითო“.
მოსახლის ინფორმაციით, რუსი მესაზღვრეები დღის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ აძლევენ ე.წ. გამყოფ საზღვარზე გადასვლის უფლებას:
„კი, დილით რომ გახვალ, გაგიხსნის რუსი და საღამოს მოხვალ, გაგიხსნის. როცა დილით იხსნება „ტამოჟნია“, თუ არ გადმოხვედით, ჩავკეტავო. ბოქლომი მე მექნებაო. როცა მოხვალ, გაგიღებო. პატიმრობა ჯობს ამას. ბინადრობა უნდა გავაკეთოთ. სადამდე უნდა ვუყუროთ ამათ?! ბავშვი რომ ცუდად გამიხდეს, სანამ ისინი კარს გახსნიან, მანამდე როგორ გავიყვანო?! რა ვქნათ, ჩვენ გვავალებენო.
ნალია დაანგრიეთო. ხეები მოიჭრება აქო. მავთულხლართები ისე უნდა გავაკეთოთ, რომ სავალი ნაწილი გვქონდესო. აქეთ ბავშვები რომ გადმომყავს სკოლაში, მალულად დამყავს. ყანით დამყავს. მავთულხლართები რომ გააკეთონ, მერე როგორ ვატარებ. სამინისტროში დავწერე განცხადება, მაგრამ არანაირი ყურადღება არ იყო. გვეუბნებიან - ბავშვებს ქართული არ ასწავლოთ, ასწავლეთ რუსული და აფხაზურიო. აფხაზური მე თვითონ არ ვიცი და ბავშვს როგორ ვასწავლო?! იქით სკოლაში რომ ვატარო, ფეხით 14 კმ უნდა გავიარო. ამასთან, არ მინდა ბავშვმა იქ ისწავლოს, სადაც მის მშობლიურ ენას არ ასწავლიან
მასალის გამოყენების პირობები






