თქვენ ვინმემ პირდაპირ გითხრათ, რომ უნდა დატოვოთ ანაკლიის პროექტი?
- არა. ასეთი რამ არ თქმულა. თუმცა არის კითხვა: რატომ დაინტერესდნენ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციით იმ დროს, როდესაც ანაკლიის თემა ბოლო ფაზაშია? რატომ შემოვარდა ოთხი უწყება ჩვენს ორგანიზაციაში ზუსტად მაშინ, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი წავიდა თანამდებობიდან?
- არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა კვირიკაშვილს უსაყვედურა, რომ ჯერ ჩატარდა ტენდერი, რომელშიც თქვენ გაიმარჯვეთ და შემდეგ ჩაიწერა ანაკლიის პორტის შესახებ კონსტიტუციაში. მოკლედ, არის მოსაზრება, რომ თქვენ ანაკლიის პროექტში უკონკურენციოდ ჩაერთეთ...
- კონსტიტუციაში ეწერა ლაზიკა და შემდეგ შეიცვალა ანაკლიით. რაც შეეხება ვითომდა უკონკურენციობას, ეს ტყუილია - 12 საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა კონკურსში. ბოლოს დავრჩით ჩვენ, ამერიკელებთან ერთად, და ჩინური კომპანია. მე ვარ ბიზნესმენი და როცა დავინახე, რომ შეიძლება სინერგია მოხდეს, მივმართე ეკონომიკის სამინისტროს, რომ ჩვენ და ამერიკელები ჩინელებთან გავერთიანებულიყავით. თუმცა ამ შეთავაზებაზე პასუხიც არ გამცა ჩინურმა მხარემ და ბოლოს ჩვენ გამოვცხადდით გამარჯვებულად. ანაკლიაზე ატეხილ ხმაურს ერთი დადებითი შედეგი ის მოჰყვა, რომ მგონი, ყველამ გაითავისა, რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ჩვენი ქვეყნისთვის.
სხვათა შორის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომამდე სამი კვირით ადრე, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, ანაკლიასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა. მას ბიძინა ივანიშვილთან ერთად ესწრებოდნენ გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი, მაია ცქიტიშვილი და მეც. შეხვედრაზე ივანიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს, რომ მისი შეუპოვრობითა და ძალისხმევით პროექტი აქამდე მოვიდა. მე მაშინ ჩავთვალე, რომ ეს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამას ხელს აღარავინ შეუშლიდა. სამი კვირის შემდეგ კვირიკაშვილი მოხსნეს...
- რა მოხდა ამ სამ კვირაში? თუნდაც კულუარებში არ გიცდიათ ამის გარკვევა?
- არა ვარ ის ადამიანი, რომ კულუარებში რაღაცები ვარკვიო.
მასალის გამოყენების პირობები






