ოპოზიცია „თიბისი ბანკის“ საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, აღნიშნულს არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობა, რომლის რიგებშიც აცხადებენ, რომ აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ:
„ეს არ არის თანამედროვე, საერთაშორისო პრაქტიკა და სტანდარტი, როდესაც ერთი ნაგლეჯის გამო დგება საკითხი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. ეს არის საკითხის უკიდურესად პოლიტიზება, რაც უპირველეს ყოვლისა, როგოც ჩანს, შედის მამუკა ხაზარაძის, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ინტერესებში“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება არ დგას:
„ამ ეტაპზე ვერ ვხედავ მიზანშეწონილობას იმისას, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ფარატინა ფურცელზე და მასზე დაბეჭდილ ტექსტზე საგამოძიებო კომისიის შექმნა უბრალოდ არარელევანტური მგონია“, – განაცხადა კახიანმა.
აკაკი ზოიძის თქმით, ის კომისიის შექმნას მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ პროკურატურა არსებულ კითხვებს პასუხს ვერ გასცემს:
„აქ არის კონკრეტული ფრიად საეჭვო ტრანზაქციის საკითხი, რომელიც ეხება კონკრეტულ პირებს. რაღაც ვადა უნდა მივცეთ პროკურატურას, რომ საქმე დაასრულოს. თუ ვნახავთ, რომ პროკურატურამ თავის ფუნქცია ვერ შეასრულა და ყველა კითხვაზე არ არის პასუხი გაცემული, მე პირადად მხარს დავუჭერდი საგამოძიებო კომისიის შექმნას“, – განაცხადა ზოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






