სურათი "შიშველი მონა ლიზა" ("მონა ვანნა") დახატულია ლეონარდო და ვინჩის სტუდიის მიერ და შესაძლოა ნახატის დიდი ნაწილი თავად დიდი მაესტროს მიერ არის შესრულებული, აცხადებენ ფრანგი ხელოვნებათმცოდნეები. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია France 24 ავრცელებს.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ნახატი ცაცია მხატვრის მიერ არის შესრულებული, ხოლო ყველასთვის ცნობილია, რომ ლეონარდოც ცაცია იყო.
2017 წელს საფრანგეთში აღმოაჩინეს შიშველი ქალის ნახატი, რომელიც ექსპერტების აზრით, ლეონარდომ შეიძლება ცნობილი "მონა ლიზას" ესკიზისთვის გამოიყენა. ნახშირით შესრულებულ ნახატს სახელად "მონა ვანნა" უწოდეს და დღემდე თვლიდნენ, რომ ის სხვა მხატვრის მიერ იყო შესრულებული. ნახატი 1862 წლის შემდეგ პარიზის მახლობლად კონდეს მუზეუმში იმყოფებოდა.სპეციალისტებმა სურათს ექსპერტიზის სერია ჩაუტარეს, რის საფუძველზეც აცხადებენ, რომ სურათის დიდი ნაწილი ლეონარდო და ვინჩის მიერ არის დახატული. მათი განცხადებით, ცაცია-მხატვრის არგუმენტის გარდა, ამ დასკვნას შემდეგი გარემოებებიც ადასტურებს - "მონა ლიზა" და "მონა ვანნა" ერთი ზომისაა, სახისა და ხელების გამოსახულებაც იდენტურია. ამასთან, ორივე სურათ თითქმის ერთიდაიგივე დროსაა შესრულებული და ის უმაღლესი ხარისხისაა. ამასთან სპეციალისტები იმასაც ადასტურებენ, რომ სურათის გარკვეული ნაწილი "მემარჯვენე" მხატვრის შესრულებულია.
ლეონარდოს ყველაზე ცნობილი ნახატი "მონა ლიზა", ან "ქალბატონი ლიზა ჯოკონდოს პორტრეტი" დახატულია 1503-1505 წლებში და მხატვარს მოდელობას აბრეშუმის გამყიდველი ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს ცოლი ლიზა ჯერარდინი უწევდა.
მასალის გამოყენების პირობები