გოცირიძეს შტაბეჭდილება დარჩა, რომ თითქოს არა საქართველოში, არამედ სადღაც მზიან კუნძულზე იმყოფებოდა, რომელსაც არც ერთი პრობლემა არ აქვს.
„არც ერთი სერიოზული საკითხი არ იყო დასმული, არც მოსამართლეების და ქვეყანაში სამართლიანობის, არც ძალოვნების მხრიდან ძალადობის, ბიზნესის საშინელი რეკეტის, "თიბისის" და ანაკლიის საქმის, არც ერთი ის მძიმე პრობლემა, თუნდაც სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეები. ჩვენ დავინახეთ, რომ ზურაბიშვილი იქნება კომფორტული პრეზიდენტი, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ქვეყანაში შექმნას პრობლემების არარსებობის ილუზია, ასეთ იდილიურ გარემოში ამყოფოს როგორც პარლამენტარები, ასევე საზოგადოება,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
გოცირიძე შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლასაც ეხმაურება და პრეზიდენტის ამ განცხადებას მისი "ბუტაფორიობით" ხსნის.
„მას არ უნდა საკუთარი კონსტიტუციური უფლებების შესრულება. პრეზიდენტი არ არის ბუტაფორიული, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო და საშინაო ფუნქცია და თუნდაც ის, რომ მას არ უნდა შეწყალების პროცესში მონაწილეობის მიღება, სურს ხელი დაიბანოს და ყველაფერი იუსტიციის სამინისტროს გადააბაროს, კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მას სურს იყოს პასიური პრეზიდენტი, თავადაც კომფორტში იყოს და ის ადამიანებიც კომფორტში ამყოფოს, რომლებმაც ის პრეზიდენტად დასვა. მას არ უნდა საქმის კეთება, მას მხოლოდ და მხოლოდ საპატიო როლის შესრულება უნდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






