საანგარიშო პერიოდში, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით, სახალხო დამცველის აპარატმა სავარაუდო დისკრიმინაციის 159 ფაქტი შეისწავლა და 21 შემთხვევაში რეკომენდაცია, ხოლო 9 შემთხვევაში ზოგადი წინადადება გამოსცა . სახალხო დამცველისადმი სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებზე მიმართვიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, გასული წლის მსგავსად, კვლავ საჯარო სექტორს უკავშირდება (69%).
სახალხო დამცველს ყველაზე ხშირად სქესის ნიშნით დისკრიმინაციის მიზეზით მიმართავდნენ (16%) შემდეგ მოდის პოლიტიკური და განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია (12%) რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია (11%) და სხვა. რაც შეეხება სფეროს, განცხადებების ყველაზე დიდი ნაწილი შრომით ურთიერთობებში განხორციელებულ სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს შეეხება.
სახალხო დამცველის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ 22 გადაწყვეტილება საჯარო პირის, 8 კი - კერძო პირის მიმართ გაიცა. მათგან, ყველაზე მეტი 6 – სქესის ნიშნით დისკრიმინაციას, 5 – შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით და 5 პოლიტიკური/განსხვავებული მოსაზრების ნიშნით შემთხვევებს შეეხებოდა. ამასთან, გამოიცა ზოგადი წინადადება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანად გამოძიების საკითხზე.
ყველაზე დაუცველ ჯგუფებად, წინა წლების მსგავსად, რჩებიან ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, და ლგბტ+ თემის წარმომადგენლები.
თანასწორობის მდგომარეობის შესახებ წინა ანგარიშში საუბარი იყო საქართველო-თურქეთის საზღვრის კვეთისას მუსლიმების მიმართ შექმნილი დაბრკოლებების შესახებ, როდესაც მათ რელიგიასთან დაკავშირებულ კითხვებს უსვამდნენ და რელიგიური ხასიათის ლიტერატურის საზღვარზე დატოვებას სთხოვდნენ. 3 მსგავსი მომართვა სახალხო დამცველს მიმდინარე საანგარიშო პერიოდშიც ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს აღქმითი დისკრიმინაციის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გულისხმობს, რომ მსხვერპლს განსხვავებულად ეპყრობიან, რადგან მას დისკრიმინაციისგან დაცულ რომელიმე ნიშანთან
აიგივებენ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა პირი ამ ნიშნის მატარებელი არ იყოს. კვლავ პრობლემურია სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება; ასევე, საჯარო პირების დისკრიმინაციული გამონათქვამები, რომელიც დაუცველი ჯგუფების უფლებების შელახვას ახალისებს. წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, სავარაუდო დისკრიმინაცია ყველაზე ხშირდ შრომით ურთიერთობებში ვლინდება. წლევანდელ ანგარიშში ასევე განხილულია ბავშვების მიმართ უთანასწორო მოპყრობის საკითხი და დისკრიმინაციის შემთხვევები სახელმწიფოს მიერ დაწესებული სოციალური ბენეფიტებით სარგებლობისას.
როგორც ანგარიშის დასკვნაშია ნათქვამი სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, საკანონმდებლო თუ პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გარდა, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა, ასევე, საზოგადოების ნაწილის მიერ თანასწორობის ცნების მცდარი, სტერეოტიპებზე დაფუძნებული აღქმა მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოში თანასწორობის მიღწევის პროცესს, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება განსაკუთრებით დაუცველ ჯგუფებზე.
მასალის გამოყენების პირობები






