კოალიციაში ”დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” შემავალი ორგანიზაციები განმარტავენ, რომ არის 5 პრინციპული საკითხი, რომელსაც ირაკლი კობახიძე არ ეთანხმება, ესენია:
1-არსებითად მნიშვნელოვანია, კანონმდებლობით სათანადოდ იყოს გარანტირებული იმ პირთა მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა, რომელთაც არ აქვთ სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება, თუმცა სამართლის დარგში მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნიათ. ღია კონკურსში მონაწილეობის საშუალება მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების გარდა პროფესიაში მყოფ სხვა პირებსაც (ადვოკატებს, პროკურორებს და ა.შ.) უნდა მიეცეს, რაც სასამართლო სისტემის ღიაობას უზრუნველყოფს. წარმოდგენილი კანონპროექტის სამუშაო ვერსია სავალდებულო მოთხოვნის სახით მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის სავალდებულოობას ითვალისწინებს, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს იმ პირთა წრეს, რომელთაც კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ;
2-კანონპროექტი არ ითვალისწინებს ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელ იმგვარ ნორმებს, რომელიც პროცესის ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმართვას უზრუნველყოფს. არსებითად მნიშვნელოვანია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც თავად გადაწყვეტენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას, შეუჩერდეთ საბჭოს წევრის უფლებამოსილება, რათა კონკურსის დასრულებამდე გამოირიცხოს მათი მონაწილეობა როგორც კანდიდატების განხილვის, ასევე საკუთარი თავის ან კონკურენტების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
3- შემოთავაზებული კანონპროექტი ითვალისწინებს ბუნდოვან ფარდობით კენჭისყრას, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კონკურსის ობიექტურად ჩატარებას და საუკეთესო კანდიდატების შერჩევას. აუცილებელია კანონპროექტიდან ე.წ. ფარდობითი კენჭისყრის საფუძველზე „გრძელი სიის“ შექმნის შესახებ დებულებების ამოღება, ვინაიდან აღნიშნული კლანს აძლევს შესაძლებლობას, პირველივე ეტაპზე 45 კანდადატისგან შედგენილ სიაში დატოვოს მხოლოდ მისთვის მისაღები კანდიდატები და გამორიცხოს ის კანდიდატები, რომლებსაც შესაძლოა საბჭოს დანარჩენი წევრების მხარდაჭერით ესარგებლა;
4- განსახილველ პროექტი ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებას საბჭოს 2/3-ის უმრავლესობით, რაც ვერ უზრუნველყოფს არამოსამართლე წევთა რეალურ გავლენას გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. არსებითად მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება მიღებულ იქნას მოსამართლე წევრების ხმათა 2/3-ითა და არამოსამართლე წევრების ხმათა 2/3-ით. ასევე აუცილებელია მიღებული გადაწყვეტილება იყოს სათანადოდ დასაბუთებული;
5- მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა სრულად განახორციელოს ნომინირებული კანდიდატების კანონმდებლობასა და კონსტიტუციასთან შესაბამისობის შეფასება და ამ მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედ რედაქციაში.
არასამთავრობოების შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოხატული პოზიცია ცხადყოფს, რომ ის ფაქტობრივად ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ საკვანძო საკითხებს, რაც არსებითად მნიშვნელოვანია რეალური საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად და ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს დაკომპლექტების ობიექტური და ღია პროცესის უზრუნველსაყოფად. პარლამენტის თავმჯდომარეს პრინციპული პოზიცია აქვს კენჭისყრასთან დაკავშირებით და მის მიერ შემოთავაზებული ფორმულა სასამართლოში გაბატონებულ კლანს აძლევს სრულ შესაძლებლობას საბჭოს სახელით თავად გადაწყვიტოს კონკრეტული კანდიდატების ნომინირების საკითხი. აღნიშნული პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს პარლამენტის თავმჯდომარისა და მმართველი პარტიის უპირობო მხარდაჭერას კლანისადმი.
„იმ თამაშში მონაწილეობის მიღება,რომელიც არ აზღვევს ამ პროცესს და არ ქმნის გარანტიებს, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია იყოს კვალიფიციური და გამორიცხავდეს იქ გარკვეული კატეგორიის ადამიანების მოხვედრას, ბუნებრივია ასეთ პროცესში მონაწილეობა ჩვენ არ ჩავთვალეთ საჭიროდ.“- განაცხადა საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ.
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე კი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე თავად იქცა ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის ლობისტად.
მასალის გამოყენების პირობები






